ვაზიანის პოლიგონზე დილა სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმით დაიწყო. შეტევა მრავალეროვნული სამხედრო სწავლება "agile spirit 2021"-ის საჩვენებელი წვრთნის ფარგლებში განხორციელდა. ერთობლივ სწავლებაში დღეს ქართველი და ამერიკელი სამხედროები მონაწილეობდნენ.
სცენარის მიხედვით, საგუშაგოზე თავდასხმის დროს ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე ჰოსპიტალში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსევული ქართული წარმოების ჯავშანმანქანით - "დიდგორი მედევაკით" განხორციელდა, სადაც დაჭრილს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.
"agile spirit 2021" 26 ივლისს დაიწყო. მასში მონაწილეობას ნატოს წევრი 12 და პრტნიორი 3 ქვეყნის 2500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იღებს. წვრთნებს, რომელიც ერთდროულად 5 ლოკაციაზე მიმდინარეობს, დასავლეთ საქართველოს სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია ხელმძღვანელობს. საერთაშორისო სწავლება 6 აგვისტოს ორფოლოს პოლიგონზე საზეიმოდ დაიხურება.