შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის სოფო გორგოძის ინფორმაციით, ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს კორონავირუსი ჯამში 201 აბიტურიენტს დაუდასტურდა, რომელთათვისაც შესაბამისი პერიოდის შემდეგ გამოცდების ჩასაბარებლად დამატებითი სესია დაინიშნა.
სოფო გორგოძემ "დღის კურიერში" თქვა, რომ ყველა აპლიკანტი, ვინც კონკრეტულ დროს გამოცდაზე ვირუსის გამო ვერ გამოცხადდა, გამოცდას დამატებით სესიებზე აბარებს, რომელიც 15 აგვისტომდე გაგრძელდება.
"201 აბიტურიენტი კორონავირუსის გამო დამატებით სესიებზე გამოცხადნენ. დამატებითმა სესიებმაც და საგამოცდო პროცესმა კარგად ჩაიარა. არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა გამოცდების ცენტრი ინფექციის გავრცელების წყარო, იმის მიუხედავად, რომ ბოლო კვირებში ძალიან მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა.
ჩვენ აგრეთვე გვქონდა მაგისტრების და მასწავლებლების საგამოცდო სესიები და ამ შემთხვევაში უკვე მაღალი იყო იმ აპლიკანტების რიცხვი, რომლებიც კონკრეტულ დღეს არ გამოცხადნენ საგამოცდო სესიაზე, ვიდრე აბიტურიენტების შემთხვევაში.
15 აგვისტოსთვის, ყველა სესია დასრულებული უნდა გვქონდეს. ველოდებით 14 დღიანი ვადის გასვლას საგამოცდო დღიდან და როგორც კი ეს ვადა გავა, დავნიშნავთ სესიებს და 15-ში ყველაფერი დასრულდება,"- აღნიშნა "დღის კურიერში" სოფო გორგოძემ.