კოვიდგადატანილი პირები, როლებიც ერთი დოზით არიან ვაქცინირებულები, სრულად ვაქცინირებულებს უთანაბრდებიან. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.
"მსოფლიო პრაქტიკის გათვალისწინებით, საბჭომ განიხილა და მიიღო გადაწყვეტილება და კოვიდგადატანილი პირები, რომელთაც აქვთ ერთი დოზა ვაქცინა გაკეთებული, გათანაბრდებიან ორი დოზით ვაქცინირებულ პირებთან და მათზეც გავრცელდება ის რეგულაცია, რაც არის სრულად ვაქცინირებული პირებისთვის," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
ღიბრაძემ დააკონკრეტა, რომ რეგულაციებში იგულისხმება როგორც ქვეყანაში შემოსვლა, ასევე იმ ღონისძიებებზე დასწრება, სადაც მხოლოდ 2 ჯერადად ვაქცინირებული პირები დაიშვებიან.
"საქართველოში როდესაც შემოდის ადამიანი, თუ ის ორჯერ არის აცრილი, მას არ ეხება შეზღუდვები საზღვრის კვეთისას. ასევე დასწრება სემინარებზე, ვორქშოპებზე და ა.შ. ბევრი ქვეყნის პრაქტიკაა ასეთი, რომ როდესაც ადამიანს გადატანილი აქვს კოვიდი, ის ითვლება სრულად ვაქცინირებულ პირად. შესაბამისად, ჩვენთანაც ხდება გათანაბრება ამ სტატუსის და თუ ადამიანს გადატანილი აქვს ვირუსი და ერთხელ არის აცრილი, იგივე სტატუსი აქვს, რაც ორჯერ აცრილ ადამიანს," - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.