პაციენტების მაღალი რაოდენობიდან გამომდინარე ბოჭორიშვილის სახელობის სახელობის კლინიკაში რთული მდგომარეობაა. დღეს სამედიცინო დაწესებულების მთავარი ინფექციონისტი "კურიერს" ეუბნება, რომ COVID-19-ის დელტა შტამმა განაპირობა ის, რომ პაციენტებში ვირუსი მძიმედ მიმდინარეობს და მათ კლინიკებში ყოფნა ხანგრძლივად უწევთ, რაც სწორედ გადატვირთულობას იწვევს.
ლია გოლიაძე ამბობს, რომ გამოსავალი არის ორი რამ: პირბადის ტარება და რაც უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება იმუნიზაციის პროცესში და აიცრება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით, ვირუსის დამარცხებას ქვეყანა მარტივად შეძლებს.
"თუ ჩვენ შარშან შემოდგომა-ზამთარში გვქონდა მატება დღეში ასეულობით, დღეს ათასეულობით გვაქვს მატება. დამიჯერეთ, რომ ძალიან გაგვიჭირდება, გაუჭირდება მთელ ქვეყანას, გაუჭირდება მატერიალურად, სამედიცინო ტექნიკის მხრივ, გაუჭირდება საავადმყოფოებს, უკვე უჭირთ, პრაქტიკულად სასტუმროები ხალხს ვეღარ იტევს. ამიტომ ყველამ უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად, რომ დავიცვათ საკუთარი თავი პირველ რიგში, დავიცვათ ჩვენი ახლობლები, დავიცვათ ყველა ის წესი, რაც არის მოწოდებული ამ შემთხვევაში - ეს არის პირბადე, დისტანცია, ხელების დაბანა და აცრა, აცრა, აცრა," - განაცხადა აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის ინფექციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ლია გოლიაძემ.