ავსტრალიელებს ინფექცია საგანგაშოდ გაექცათ. ქვეყანამ, რომელიც პანდემიის პირველ ეტაპზე ვირუსის მართვის მაგალითი იყო, უკვე მეორე ქალაქი დაკეტა.
სიდნეის შემდეგ მკაცრი ლოკდაუნის ადგილი მელბურნი გახდა, სადაც სულ მცირე 19 აგვისტომდე ჩაკეტილები იქნებიან, სიდნეიში კი ეს ზომა თვის ბოლომდე იმოქმედებს. ყველაფრის მიზეზი დელტა ვარიანტია, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთ სკოლაში იფეთქა. ახლა ქვეყანა ცდილობს, ვირუსის გავრცელების მარშრუტი გამოიკვლიოს, მანამდე შეზღუდვებით იცხოვრებენ.
სკოლების თემა აქტუალურია აშშ-ში, სადაც მართალია, ე.წ. ლოკდაუნი არ მოქმედებს,თუმცა გარკვეული რეგიონები მაინც რეგულაციის ქვეშ რჩება. სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, ამერიკაში, სავარაუდოდ, მასწავლებლებსაც აცრიან. იდეა ჯერ ნედლია, თუმცა იგი ენტონი ფაუჩის ეკუთვნის, რომელიც უშვებს,რომ შესაძლოა ეს არაპოპულარული აზრიცაა, თუმცა მოსწავლეების ჯანმრთელობა დელტას პირობებში პრიორიტეტი უნდა იყოს.
წელიწადისა და 9 თვის შემდეგ უხანში ჩინური ვირუსი ინდური დელტა ფორმით დაბრუნდა. ნაწილობრივი ლოკდაუნის რეჟიმშია ჩინეთის რამდენიმე ქალაქი, სადაც მთელი მოსახლეობის ტესტირების უკვე მე-4 წრეზე მიდიან. ქალაქებიდან ნანკინი, იანგჯოუ და ჯანგციაციედან პეკინმა ავია თუ სარკინიგზო რეისები აკრძალა. ჩინეთი ჯერ თავს იკავებს მთავარი ქალაქების ჩაკეტვისგან.
უკრაინა კი პირიქით, საგანგებო მდგომარეობას თითქმის 2 თვით გაახანგრძლივებს, რადგან ყოველდღიური მაჩვენებლები კიევს არ მოსწონს.
ბოლო 6 თვეში კოვიდმოცემულობა მსოფლიოში დრამატულად შეიცვალა,ამ დროის განმავლობაში 100 მილიონიდან ინფიცირების მაჩვენებელმა 200 მილიონს მიაღწია. გლობალურად, სტატისტიკის პირველ სამეულში კვლავ აშშ, ინდოეთი და ბრაზილია არიან. ევროპის მასშტაბით კი რუსეთი,საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი ლიდერობენ.