03 სექტემბერი 2026,   03:07
ვრცლად
წარმოუდგენელია პანდემია დავამარცხოთ მხოლოდ მოზრდილთა ვაქცინაციის ხარჯზე - მედიკოსები ბავშვების აცრის აუცილებლობაზე საუბრობენ

ჯანდაცვის სისტემის მოსალოდნელ კოლაფსზე კიდევ ერთხელ საუბრობენ ეპიდემიოლოგები. მედიკოსები მოსახლეობას ვირუსის გავრცელების შესამცირებლად კვლავ მოუწოდებენ დაიცვან რეკომენდაციები.

სპეციალისტები მოზარდების ვაქცინაციის აუცილებლობაზეც საუბრობენ, სავარაუდოდ, ქვეყანა ამ გადაწყვეტილებას შემოდგომაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე მიიღებს.

"კლინიკური სექტორი მუშაობს მაქსიმალური დატვირთვით და საავადმყოფოების უმრავლესობა გადავსებულია, რაც მედპერსონალზეც ცუდად აისახება, რადგან უწევთ გადაძაბვით მუშაობა. მნიშვნელოვანია, რომ ეპიდსიტუაცია დასტაბილურდეს, სხვა შემთხვევაში შეიძლება მივიდეთ კოლაფსამდე" - აცხადებს "ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის" ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა.

"ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის" პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი მიიჩნევს, რომ სკოლების გახსნისთვის აუცილებელია მასწავლებლების აქტიური ვაქცინაცია.

"ბავშვთა ვაქცინაცია ჩემი აზრით უკვე დასაწყებია 12 წლის ასაკიდან, რაც შეეხება სკოლების გახსნას, გააჩნია, როგორი ეპიდსიტუაცია გვექნება და ვაქცინაციის პროცესი როგორ წავა,"- განაცხადა კონსტანტინე ჩახუნაშვილმა

მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ წლის ბოლოსთვის იქნება კვლევის მონაცემები უკვე 5-დან 12 წლამდე ბავშვებთან დაკავშირებითაც:

"წარმოუდგენელია პანდემია დავამარცხოთ მხოლოდ და მხოლოდ მოზრდილთა ვაქცინაციის ხარჯზე. ადრე თუ გვიან ჩვენ მივალთ ამ დასკვნამდე, რომ ვიმსჯელოთ ბავშვების ვაქცინაციაზე, მონაცემებს, რომელსაც ნოემბერში ველოდებით ეხება უკვე 5-დან 12 წლამდე ბავშვებს  და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი იქნება უკვე მკაფიო რეკომენდაციით, შეიძლება თუ არა ამ ასაკის ბავშვების ვაქცინაცია," - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.

დღის ამბები