20 ნოემბერი 2024,   03:18
ვრცლად
საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები მიიღეს - სამედიცინო პუნქტად გადაკეთებულ ფრენბურთის არენაზე​ ჟანგბადდამოკიდებულ 9 ინფიცირებულს მკურნალობენ

საველე ჰოსპიტალში პირველი პაციენტები მიიღეს - დიღმის სპეციალურ სივრცეში ახლა ჟანგბადდამოკიდებულ 9 კოვიდინფიცირებულს მკურნალობენ. ამ ეტაპზე მათი მდგომარეობა სტაბილურია. სამედიცინო პუნქტად გადაკეთებულ ფრენბურთის არენაზე კიდევ 400 პაციენტის მიღების რესურსია.

საველე ჰოსპიტალის ათვისება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც მედიკოსების თქმით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, საწოლფონდის რაოდენობა იწურება.

ეპიდემიოლოგებს იმედს აძლევთ ის, რომ ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობის მკვეთრი ზრდა ბოლო დღეებში არ შეინიშნება, თუმცა სიკვდილიანობა კვლავ მაღალია. მხოლოდ დღეს, კორონავირუსს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ყველაზე მეტი, 59 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროში გარდაცვალების მაჩვენებელს "დელტა" შტამის მძიმე მიმდინარეობას უკავშირებენ.

59 გარდაცვლილს შორის არის ახალგაზრდა ექიმი რადიოლოგი, 30 წლის ნინო, მას ვირუსი ორსულობისას დაუდასტურდა, გართულებული ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მედიკოსებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ბავშვის სიცოცხლეს კი საფრთხე არ ემუქრება.

COVID-19-ს პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში 9 ორსული შეეწირა. ექიმები ფეხმძიმე ქალებს აცრისკენ მოუწოდებენ.

ორსულების აცრის აუცილებლობაზე დღეს ამირან გამყრელიძემ კიდევ ერთხელ ისაუბრა. მანვე განმარტა, რომ სასწავლო წლის დაწყების საკითხი კვლავ ეჭვქვეშ დგას. კონკრეტული თარიღი დამოკიდებულია მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის აცრის მაჩვენებელზე.

დღეის მონაცემებით, ქვეყანაში ერთი დოზით აცრილი 908 ათასი მოქალაქეა. სრულად ვაქცინირებული კი 230 ათასზე მეტი პირია. სრულად აცრილებში საქართველოში გარდაცვალების შემთხვევა ჯერ არ გამოვლენილა.

ავტორი: სანდრო სანაია

დღის ამბები