05 ოქტომბერი 2024,   09:26
ვრცლად
სამმაგი მკვლელობა წინანდლის ტყეში - რა წერია საქმის მასალებში, რომელიც "კურიერმა" მოიპოვა

პატიმრობაში მყოფი ოლიმპიური ჩემპიონი, მოკლული ნიკა კენჭოშვილის ოჯახს მიმართავს. ადვოკატების თქმით, ზურაბ ზვიადაური უსამძიმრებს ახლობლებს და ირწმუნება, რომ მოქმედებდა მოგერიების ფარგლებში, იყო უკიდურეს მდგომარეობაში და არავის დაზიანება არ სურდა. ამ გზავნილის გარდა დღეს დაკავებულის ინტერესების დამცველებისგან გახდა ცნობილი, რომ ზურაბ ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა მას ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს.

პარალელურად უკვე გასაჩივრებულია პატიმრობის გადაწყვეტილება. სავარაუდოდ რამდენიმე დღეში გაირკვევა რა პოზიცია ექნება სააპელაციო სასამართლოს და დატოვებს, თუ არა მკვლელობისთვის ბრალდებულ ოლიმპიურ ჩემპიონს გისოსებს მიღმა.

არსებობს სამი იარაღი, რომელმაც სამი ახალგაზრდის სიცოცხლე დაასრულა - "კურიერის" მიერ მოპოვებულ საქმის მასალებში ორი ავტომატი და ერთი პოსტოლეტი დევს. "საიგას" ტიპის ნახევრადავტომატური იარაღიდან 27 წლის ნიკა კენჭოშვილმა 4 ადამიანი დაჭრა, საიდანაც ორი - ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზევე გარდაიცვალნენ. ბრალის დადგენილების მიხედვით, სისხლიანი გარჩევის ადგილზე წინანდლის ტყეში, პირველად ცეცხლი ზვიადაურების მეგობარმა ვასილ ცოცხალაშვილმა გახსნა, ბოლო გასროლა ოლიმპიური ჩემპიონს ეკუთვნის, რომელმაც ძმისა და მეგობრის მკვლელი, ზურგში სროლით, ადგილზე მოკლა.

პროკურატურის ბრალის დადგენილებით აქამდე არსებული ვერსია იცვლება და ირკვევა, რომ 27 წლის ნიკა კენჭოშვილი მეორე, სისხლიანი გარჩევით დასრულებულ კონფლიქტში მონაწილეობდა. დილით დაწყებული ჩხუბის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტი კი, დაკავებული ჯაბა ჯანგირაშვილია, რომელმაც საქმის გასარჩევად ზვიადაურს უხმო.

11:00 საათზე, ზვიად მაისაურაძეს ურთიერთშელაპარაკება მოუხდა ვახტანგ კვანტალიანთან, რაც გადაიზარდა ჩხუბში. დაპირისპირებაში ჩაერთვნენ კვანტალიანის თანმხლები პირები, ხოლო ზვიად მაისურაძის მხრიდან მისი ახლობლები - ჯაბა ჯანგირაშვილი და ლევან მაისურაძე. განაწყენებულმა ჯანგირაშვილმა დასახმარებლად დაურეკა მეგობარ, ზვიად ზვიადაურს, რომელიც 1 საათში მივიდა ჯანგირაშვილთან, სადაც მალევე ზვიად ზვიადაურის ძმა ზურაბ ზვიადაური და რამდენიმე პირი მივიდა. ისინი მომხდარი ჩხუბის გამო დაახლოებით 17:00 საათზე დაუკავშირდნენ და დაიბარეს ვახტან კვანტალიანი იმ მიზნით, რომ გაერკვიათ, რატომ მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა ჯანგირაშვილს. კვანტალიანი 20 წუთში მითითებულ ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მოვიდა, მათ შორის იყო ნიკა კენჭოშვილიც.

სამშენებლო ობიექტზე, სადაც 4 დღის წინ ცემენტის მოზელვის მოტივით სიტყვიერი შელაპარაკება სისხლისღვრით გაგრძელდა, დუმილს ამჯობინებენ. კამერებთან არ ჩნდება სამშენებლო კომპანიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომელიც პირველი კონფლიქტის უშუალო მონაწილე და საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმეა. მის გარდა მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე 15 პირი ჰყავს გამოკითხული. ადვოკატები მოწმეთა ბაზის მნიშვნელოვნად გაზრდას მოითხოვენ.

ადვოკატებმა დღეს თელავის სასამართლოში განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზურაბ ზვიადაურის და მასთან ერთად, იარაღის დაუდევრად შენახვაში ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილის აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა გაასაჩივრეს. ირკვევა, რომ გაიზარდა ზვიადაურის თავდებების რიცხვი. შეიცვლება თუ არა პატიმრობა თავისუფლებით, სააპელაციო სასამართლო რამდენიმე დღეში გადაწყვეტს.

ზვიადაური ე.წ. მატროსოვის ციხეშია მოთავსებული. ბრალდებულის პოზიცია უცვლელი რჩება - ის ამტკიცებს, რომ ნიკა კენჭოშვილი განზრახ არ მოუკლავს და მოიგერია.

ზურაბ ზვიადაურის საქმის არსებით განხილვას თელავის სასამართლო 8 ოქტომბერს დაიწყებს. ჩანიშნულ სხდომაზე გახდება ცნობილი, ანდობს, თუ არა საკუთარ ბედს ის ნაფიცმსაჯულებს.

დღის ამბები