16 ნოემბერი 2024,   21:29
ვრცლად
რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი - ირაკლი ღარიბაშვილმა ყირიმის პლატფომის სამიტზე რუსულ აგრესიაზე ისაუბრა

პრემიერ-მინისტრმა უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ გააჟღერა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონი. 40-ზე მეტი ქვეყნის ლიდერის წინაშე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოკუპაციამ კანონის უზენაესობაზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგი შეარყია.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, საქართველო კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების ერთგულია. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ სტრატეგიული მიდგომით, შესაძლებელი გახდება შავი ზღვის რეგიონი გარდაიქმნას შესაძლებლობების რეგიონად, სადაც ეკონომიკურ წინსვლას ადამიანები საკუთარ თავზე იგრძნობენ.

ყირიმის პლატფორმა არის ერთგვარი საკოორდინაციო ფორმატი, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა. ვალოდიმერ ზელენსკის განმარტებით, მისი ჩამოყალიბების მიზანი, რიგი ქვეყნების მხრიდან რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე ზეწოლის გაძლიერებაა.

საერთაშორისო თანამეგობრობა არ აღიარებს ყირიმის ანექსიას - ეს გზავნილი სამიტის მიმდინარეობისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა გააჟღერა. შარლ მიშელის თქმით, უკრაინა არ დარჩება მარტო და ევროკავშირი მათ დახმარებას გააგრძელებს. ამავე სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს არაფორმალურ გარემოშიც შეხვდა. 

ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება დღეს უკრაინაში დაადასტურა ნატოს გენმდივნის მოადგილემ. მირჩა ჯოანა ამბობს, რომ საქართველო და უკრაინა ნატოს წევრი ქვეყნები გახდებიან. მისივე თქმით, ორ ქვეყნასთან მათი მხრიდან თანამშომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა.

სამიტის დასრულებამდე შემუშავდა ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც აგრესიის შემთხვევაში რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესებას გულისხმობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დეკლარაციას მხარი დაუჭირა ყირიმის პლატფორმის ყველა მონაწილემ.

დღის ამბები