3 სამგზავრო ავტობუსი თბილისში მოქალაქეების ასაცრელად - ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებლის მისაღწევად ჯანდაცვის უწყება მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში უკვე კარგად აპრობირებულ მეთოდს მიმართავს.
თბილისის სხვადასხვა რაიონებში განთავსებულ ავტობუსებში აცრა ნებისმიერ ადამიანს წინასწარი ჩაწერის გარეშე შეუძლია. უსაფრთხო ვაქცინაციისთვის, სპეციალისტების მტკიცებით, ყველანაირი პირობებია შექმნილი. ამ დროისთვის სამი ავტობუსი გლდანში, ვარკეთილსა და სადგურის მოედანზეა განლაგებული.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტები რესპუბლიკური საავადმყოფოდან დღის პირველ ნახევარში დაიძრნენ და დედაქალაქში გადანაწილდნენ. 3 მუნიციპალური ავტობუსი ამჯერად არა მოქალაქეების გადაადგილებას, არამედ მათ ვაქცინაციას უზრუნველყოფს.
მსურველ მოქალაქეებს ადგილზევე შეუძლიათ აიცრან. გაივლიან ყველა იმ პროცედურას, რაც სამედიცინო დაწესებულებაში პროტოკოლით არის გათვალისწინებული.
ავტობუსშია განთავსებული ყველა სამედიცინო აღჭურვილობა, რაც პირველადი დახმარებისთვის არის საჭირო. იმ შემთხვევაში, თუ აცრილ მოქალაქეს გვერდითი მოვლენები დაუფიქსირდება, ექიმები შესაბამისი აპარატურით ადგილზევე აღმოუჩენენ დახმარებას.
საბედნიეროდ დღეს ექიმის ჩარევა არავის დასჭირვებია. 2 საათში "კურიერის" კამერამ 20-მდე აცრილი მოქალაქე დააფიქსირა, თავდაპირველად აქტივობა პუნქტთან არ შეინიშნებოდა, თუმცა რამდენიმე წუთში მსურველთა ნაკადმა იმატა იმდენად, რომ ამცრელ ბრიგადას პრეპარატის დოზების დამატებაც დასჭირდა.
ვაქცინაციის კამპანიის ახალმა ფორმამ როგორც აცრილებში, ასევე მსურველებშიც კმაყოფილება გამოიწვია. მოქალაქეები თვლიან, რომ მაშინ, როდესაც პანდემიის გამო საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით გაჩერებულია, ეს სიახლე დიდი შეღავათია. სურვილი აქვთ, რომ მოძრავი აცრის პუნქტები რეგიონებშიც განთავსდეს.
ვაქცინაცია უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი - სწორედ ეს არის მთავარი მიზანი, რის გამოც ჯანდაცვის სამინისტრომ და დედაქალაქის მერიამ ახალი კამპანია წამოიწყო. იგეგმება აცრის მოძრავი პუნქტების რაოდენობის 10-მდე გაზრდა. პანდემიის დასასრულისთვის აცრა აუცილებელია, თუმცა მთავრობის წევრები მოუწოდებენ მოსახლეობას, თითოეულმა მოქალაქემ დაწესებული რეგულაციები, პირბადეზე და სოციალურ დისტანციაზე, მაქსიმალურად დაიცვას.
ხალხმრავალ ადგილებში განთავსებულ პუნქტებში აცრა ნებისმიერს შეუძლია, მაშინაც კი, როდესაც ისინი უკვე დარეგისტრირებულები არიან სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, ამ შემთვევაში ჯავშანი უქმდება და მსურველი ადგილზე იცრება.