ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზე შექმნილ იმუნიზაციის ცენტრში მოქალაქეები წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენით იცრებიან. ყველა, ვინც დღეს ვაქცინას იკეთებს, დარწმუნებულია, რომ კოვიდის წინააღმდეგ ქვეყანა მხოლოდ იმუნიზაციით გაიმარჯვებს, ორჯერადი ინექციით უფრთხილდებიან როგორც საკუთარ, ასევე სხვების სიცოცხლეს.
იმუნიზაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან სხვადახვა პროფესიული ჯგუფებიც. იცრებიან ისინი, ვინც ახალგაზრდების განათლებაზე ზრუნავენ, პედაგოგები, ვისაც სექტემბრიდან სწავლის დაწყება საკლასო ოთახებში სურთ. ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო ერთ თვეში, აცრილ მასწავლებლებთა რაოდენობა 46 %-მდე გაიზარდა.
ვაქცინაციასთან ერთად, ვირუსის დამარცხება რეგულაციების დაცვასა და რეკომენდაციების გათვალისწინებას შეუძლია. სოციალური დისტანცია, პირბადე და უარი ხალხმრავალ შეკრებებს - თუკი საზოგადოება ეპიდემიოლოგებს დაუჯერებს, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ეპიდემიის მართვა გამარტივდება. მანამდე კი, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია კვლავ მძიმეა, ექიმები ამბობენ, რომ კოვიდით გარდაცვლილთა პიკი ქვეყანაში სწორედ ახლა დადგა.
სპეციალისტების გარდა მოსახლეობას აქტიური იმუნიზაციისკენ ქვეყნის პირველი პირიც მოუწოდებს. ვრცელ მიმართვაში, რომლითაც ქვეყნის პრეზიდენტმა მოქალაქეებს მარიამობა მიულოცა, განსაკუთრებული აქცენტი ვაქცინაციის პროცესზეა გამახვილებული.