20 ნოემბერი 2024,   07:24
ვრცლად
"ყველაფერი საუკეთესო ჯარს" - ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში 500-მდე სამხედრომ ბინა მიიღო

ირაკლი ღარიბაშვილმა ვარკეთილში, სამხედრო ქალაქში თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად სამხედრო მოსამსახურეებს საცხოვრებელი ბინები გადასცა.

მთავრობის მეთაურმა სამხედრო მოსამსახურეებს ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა.

"ჩვენო საამაყო ჯარისკაცებო, ყველას მოგესალმებით, მივესალმები თქვენს ოჯახებს, შვილებს, მეუღლეებს, მშობლებს, მინდა, დიდი პატივისცემა დაგიდასტუროთ და მადლიერება ყველაფრისთვის, რასაც თქვენ ჩვენი ქვეყნისთვის აკეთებთ; ჩემთვის დიდი პატივი იყო, მემუშავა თავდაცვის მინისტრის რანგში და მემსახურა თქვენთვის; დღეს ჩვენ საზეიმოდ გადავცემთ 500-მდე ოჯახს ბინებს, რომლებიც აქ ავაშენეთ. მოგეხსენებათ, ეს იყო სახელმწიფოს მხრიდან 2007 წელს აღებული ვალდებულება, რომლის შესრულება სამწუხაროდ, ცოტა მოგვიანებით დაიწყო, მას შემდეგ, რაც ჩვენი პოლიტიკური გუნდი მოვიდა ხელისუფლებაში. ვიცი, რომ გარკვეული შეფერხებაც იყო ბოლო წლების განმავლობაში, მაგრამ ჩვენ მოვედით, ვთქვით და გავაკეთეთ და დღეს 500-მდე ოჯახს გადაეცემა ბინები. გილოცავთ ახალმოსახლეობას, კიდევ ერთხელ მინდა გულწრფელი მადლიერება გამოვხატო თქვენს წინაშე, თქვენი ოჯახების წინაშე, მადლობა ყველაფრისთვის, თქვენი ღირსეული სამსახურისთვის. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ გავიხსენო ჩვენი გმირი ჯარისკაცები, რომლებმაც გმირულად შესწირეს საკუთარი სიცოცხლე ჩვენს სამშობლოს, ჩვენი მიწა-წყლის დაცვას, ქედს ვიხრი მათ წინაშე. დიდება ჩვენს გმირებს, დიდება მათ ოჯახებს. დიდი მადლობა თქვენ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალმოსახლეობას“, - მიმართა პრემიერ-მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს.

მთავრობის მეთაურმა, თავდაცვის მინისტრსა და თავდაცვის ძალების მეთაურთან ერთად, ახალაშენებული ბინები დაათვალიერა, სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრებს გაესაუბრა და მათ ბინების მიღება მიულოცა.

ვარკეთილში მდებარე სამხედრო ქალაქში 500-მდე სამხედრო მოსამსახურემ საცხოვრებელი ბინა მიიღო. ბინები თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდათ. საცხოვრებელი ფართების განაწილება კენჭისყრით მოხდა.

უახლოეს პერიოდში კეთილმოეწყობა საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორია, ასევე გაკეთდება პანდუსები შშმ პირებისთვის.

დღის ამბები