იმუნიზაციის პროცესში ჩართვის მსურველთა რაოდენობის გაზრდამ, ქვეყანაში ეპიდსურათი შეცვალა. ეს ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებმა დაადასტურეს. მიუხედავად იმისა, რომ დღეს გარდაცვალების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, დაინფიცირების სტატისტიკა შემცირებულია. დასტაბილურდა საავადმყოფოებში მიმართვიანობაც.
პოზიტიური დინამიკა, ეპიდვითარება, ჟანგბადის და მედიკამენტების რესურსი - ეს ის ძირითადი თემებია, რომელიც კოვიდკლინიკების ხელმძღვანელებმა, ჯანდაცვის მინისტრთან ერთად დღეს განიხილეს. შეხვედრა სამინისტროში შედგა და 2 საათს გაგრძელდა.
გაკეთდა შემაჯამებელი განცხადებებიც - ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, კოვიდინფიცირებულების სამკურნალოდ წარმოებული ახალი მედიკამენტი "ტოცილიზუმაბია". ეკატერინე ტიკარაძემ საავადმყოფოების წარმომადგენლებს მოუწოდა, ექიმებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდონ, რომ პაციენტების ახლობლები პრეპარატის შესაძენად შავ ბაზარზე არ გაუშვან და მკაცრად გააკონტროლონ. მსგავსი ფაქტები იმდენად გახშირდა, რომ შესაძლოა საგამოძიებო სამსახურებიც დაინტერესდნენ.
"ტოცილიზუმაბი" მხოლოდ ვიწრო წრის მოხმარებისთვისაა განკუთვნილი და მისი პროტოკოლის გარეშე გამოყენება ყოვლად დაუშვებელია - მოქალაქეებს სპეციალისტებიც აფრთხილებენ. სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები განმარტავენ, რომ მედიკამენტის არასწორმა, თვითნებურად გამოყენებამ შესაძლოა სავალალო შედეგი მოიტანოს.
COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის სხვა მეთოდის გამოყენებამდე, ეპიდემიოლოგების რჩევები კვლავ უცვლელია, პანდემიის შესაჩერებლად და ინფიცირებულთა შესამცირებლად მნიშვნელოვანია ვაქცინაცია, თუმცა პარალელურად აუცილებელია რეგულაციების მკაცრი დაცვა.
ბოლო 24 საათში COVID-19-ით 86 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი 3034 ადამიანს დაუდასტურდა. გამოჯანმრთელებულია 3932 პირი. პარალელურად გრძელდება იმუნიზაციის პროცესი. გუშინ კიდევ 23 518 პირი აიცრა. სულ ქვეყანაში 1 259 391 აცრაა ჩატარებული