25 აპრილი 2024,   13:51
ვრცლად
შანაი ბრუკის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს

ავსტრალიის მოქალაქის, შანაი ბრუკის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის საქმეზე, ბრალდების მხარე რაფაელ მურსაკულოვის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულის საერთოდ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.

საქმის პროკურორი გიორგი ქობულაძე აცხადებდა, რომ დაკავებულის მხრიდან როგორც მიმალვის, მტკიცებულებების განადგურების, ასევე მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე არსებობს.

პროკურორმა ასევე განაცხადა, რომ მურსაკოვი წარსულში ნასამართლევია.

მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

"მიმაჩნია, არსებობს აღკვეთის ღონისძიების გამოყენების საფუძვლები და მასალათა ერთობლიობა ქმნის დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, რომ ბრალად შერაცხული ქმედებები შესაძლოა, მის მიერ იყოს ჩადენილი. ვთვლი, რომ არსებობს საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის განადგურების საფრთხე. წარმოდგენილი მასალებით ირკვევა და გარკვეულ გამაფრთხილებელ ჩვენებს ასევე იძლევიან მისი ოჯახის წევრები. რაც შეეხება მიმალვის საფრთხეს, ბრალად შერაცხული ქმედება ხანგრძლივი ვადით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. ვთვლი, რომ მიზანშეწონილია პატიმრობა," - განაცხადა მოსამართლემ, არსენ კალატოზიშვილმა.

რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ბრალდებულის ადვოკატი სოფო გოგლიჩიძე აცხადებს, რომ სასამართლოს გადაწვეტილებას გაასაჩივრებს.

"ბრალდების მხარემ ის მტკიცებულება წარადგინა, რაც 40 დღის განმავლობაში მოიპოვა. მათ ჰქონდათ დაკითხვები, ვიდეოკამერების ჩანაწერები, მაგრამ არც ერთი მოწმე, არც ერთი ვიდეო ჩანაწერი არ ამტკიცებს, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს შეხება ჰქონდა ამ პიროვნებასთან და საერთოდ შემხებლობაში არის თუ არა ის ამ საქმესთან.

რა თქმა უნდა, გადაწყვეტილებას გავასაჩივრებ აპელაციაში," - განაცხადა ადვოკატმა.

ავსტრალიელი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. თავად რაფაელ მურსაკულოვი დანაშაულს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს - ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.

 

ავტორი: ავთო გვასალია

დღის ამბები