პროფესიული განათლების მიღების მსურველთა ტესტირება თბილისის საგამოცდო ცენტრებში გრძელდება. დღეს დილიდან ტესტირება 5 საგამოცდო ცენტრში დაიწყო და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას განათლების სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, წელს პირველად, უმეტეს პროფესიულ პროგრამაზე აპლიკანტთა შერჩევის პროცესები დელეგირებულია პროფესიულ კოლეჯებზე. ჩარიცხვის ახალი წესისა და სტუდენტთა შერჩევის ახალი კონცეფციის გათვალისწინებით კი დაწესებულებები იყენებენ შერჩევის მრავალფეროვან მეთოდებს, რომელთა მიზანია თითოეული პროგრამისთვის იმ აპლიკანტების იდენტიფიცირება, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პროგრამით განსაზღვრული სწავლის შედეგების დაძლევას.
ეროვნული პროფესიული ტესტირების პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე თამარ ქიტიაშვილი და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფო გორგოძე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველ კორპუსში განთავსებულ საგამოცდო ცენტრში გაეცნენ.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებულ ტესტირებაში მონაწილეობას იღებენ პროფესიული განათლების მიღების ის მსურველები, რომლებიც უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აბარებენ. შესაბამისად, 13 და 14 სექტემბერს თბილისის საგამოცდო ცენტრებში აპლიკანტები ჩააბარებენ ტესტს ზოგად უნარებსა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში (ქიმია-ბიოლოგია).