27 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
შსს-მ ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

სამართალდამცველებმა, სხვადასხვა დროს, ქვემო სვანეთსა და თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, 1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ც.ზ.-ს, 1963 წელს დაბადებულ ხ.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ტ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, დაკავებული ც.ზ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ,,ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, დაკავებული ხ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციის მიერ ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი, პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებული დ.ტ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს.

დღის ამბები