საარჩევნო უბნების დახურვამდე ზუსტად ერთი საათი რჩება.
მარნეული ისევ ეპიცენტრია. სოფელ დაშტაფას 52-ე საარჩევნო უბანზე "ლეიბორისტული პარტიის" წევრი დაჭრეს.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცს დაზიანება ცივი იარაღით მიაყენეს. დაჭრილი პირი მარნეულის ერთ-ერთ კლინიკაშია გადაყვანილი. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მას მარნეულის "ავერსის" კლინიკაში ოპერაცია უტარდება.
რაც შეეხება დაპირისპირების მიზეზს, როგორც "ლეიბორისტები" ამბობენ, ეს უკავშირდება დაზარალებულის პოლიტიკურ საქმიანობას, რადგან ის მათი პარტიის აგიტატორი იყო. წინასწარი ინფორმაციით, მას მუცლის არეში დანით ჭრილობა "ქართული ოცნების" წევრმა მიაყენა, შემდეგ კი მიიმალა. ამ დრომდე უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი.
მარნეულში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი ზაურ დარგალი აცხადებს, რომ მათი წარმომადგენლები არაფერ შუაში არიან. მისივე თქმით, დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი "ნაციონალურ მოძრაობის" მხარდამჭერია.