ძალადობდა თუ არა ბაბუა 13 წლის შვილიშვილზე წლების განმავლობაში - 53 წლის მოქალაქეს ოჯახის წევრის გაუპატიურების მუხლით ბრალი დღეს უნდა წარუდგინონ. არ არის გამორიცხული, დღესვე სასამართლომ მისი აღმკვეთის ღონისძიებაზეც იმსჯელოს.
გამოძიების ინფორმაციით, ფაქტი შიდა ქართლის ერთ-ერთ სოფელში ხდებოდა. მამაკაცი თბილისში აიყვანეს.
წაყენებულ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს დაკავებულის ადვოკატი.
"ის არის მეორე ჯგუფის ინვალიდი, შვილთან იმყოფებოდა თბილისში და იქ დააკავეს დილის 3 საათზე. არავითარ მიმალვას და თავის არიდებას ადგილი არ ჰქონია, რაც არის მოგონილი. ვიღაცის დაინტერესებაა აშკარად, რომ შეიქმნას ფონი, თითქოს ბაბუამ ნამდვილად ჩაიდინა ეს უმძიმესი დანაშაული. თითქოს ბავშვი ამბობს, რომ 5 წლის განმავლობაში ხდებოდა მისი გაუპატიურება.
აბსოლუტურ სისულელეს უწოდებს ამას. ადამიანი ცუდად გახდა, როდესაც მე დეტალების შესახებ დავიწყე გამოკითხვა. საქმის არსებობის შესახებ გახმაურებას უნდა ჰქონდეს პირველ რიგში საექსპერტო დასკვნა," - განაცხადა ადვოკატმა ზურაბ თოდუამ.