პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი ვარაუდობს, რომ თუკი კორონავირუსის შემთხვევები იმ ტემპით გაიზარდა, როგორც ის დღეს არის, კლინიკებში უახლოეს პერიოდში არც ერთი თავისუფალი საწოლი აღარ იქნება. როგორც ლევან რატიანი ამბობს, მათ შორის საუნივერსიტეტო კლინიკაში უკვე 12 დღეა თავისუფალი ადგილი არ არის.
რატიანი მოსახლეობას ვაქცინაციისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს, მისი თქმით, უამრავი სიცოცხლის გადარჩენა მხოლოდ მასობრივი იმუნიზაციით იქნება შესაძლებელი.
"ჩვენ კლინიკაზე მინდა გითხრათ, რომ ბოლო 12 დღეა არც ერთი თავისუფალი ადგილი კლინიკას არ გააჩნია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ცუდი ინდიკატორია.
როგორც იძახიან ეპიდემიოლოგები, ეს არის მე-5 ტალღის დასაწყისი და რაც წინა პერიოდში მახსოვს და გადავხედე, ასეთი მაღალი ციფრით არც ერთი ტალღა არ დაწყებულა. ანუ, თუ ეს ტალღის დასაწყისია როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, წარმოიდგინეთ რა იქნება პიკის ფაზაში.
თან მეორე მომენტია, უკვე იწყება სეზონური, ზედა სასუნთქი გზების ინფექციების გავრცელება. ეს ნიშნავს, რომ ორი ინფექციის გავრცელება შეიძლება მოხდეს პოპულაციაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, ეს ავადობის რაოდენობას ძალიან გაზრდის, ვინაიდან, შესაძლებელია, რომ ამ ორივე ვირუსით დაინფიცირდეს ადამიანი, ან იყოს ერთი როდესაც არის სეზონური გრიპი და ამ დროს იმუნური სისტემა იწყებს დაქვეითებას ამ ვირუსთან ბრძოლაში და მას, თუ ამის შემდგომ დაემატა ახალი კორონავირუსით ინფიცირება, ის უფრო დაამძიმებს ადამიანების მდგომარეობას," - განაცხადა ლევან რატიანმა "რუსტავი 2-ის" გადაცემა "დილა მშვიდობის საქართველოში".