რა მოლოდინებია ქვეყანაში კიდევ უფრო გაუარესებული ეპიდვითარების გამო - მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ეპიდემიოლოგები ახალი რეგულაციების შემოღებას არ ვარაუდობენ.
არსებულ მდგომარეობაში ყველაზე ადეკვატურ გადაწყვეტილებად ისინი მოქმედ შეზღუდვებზე კონტროლის გამკაცრებას მიიჩნევენ.
კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც ექიმები მიესალმებიან, ე.წ. მწვანე კოვიდ-პასპორტის შემოღებაა, რომლითაც ვაქცინირებულ ადამიანებს გარკვეული პრივილეგიები მიეცემათ. მანამდე კი ისინი მოუწოდებენ
თითოეულ მოქალაქეს, მაქსიმალურად დაიცვან რეგულაციები.
"საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაა. არც ისე მაღალია იმ რეგულაციების დაცვის მაჩვენებელი, რომელიც კოვიდის საწინააღმდეგოდ არის მოწოდებული. თუ ასე გაგრძელდება მდგომარეობა, შეიძლება, იქამდე მივიდეთ, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ დღის წესრიგში დადგეს ე.წ. საველე ჰოსპიტლების გახსნის საჭიროება," - განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორმა, ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილმა.
"ვაქცინაციის ტემპი ძალიან დაბალია და მე მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ აუცილებლად ჩაიტარონ ვაქცინაცია. აუცილებელია რეკომენდაციების მკაცრად დაცვა, ნიღბის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა. საჭიროა მკაცრი რეგულაციების დაწესება, ვინაიდან ამას მოჰყვება შემდგომ უკვე ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება," - აღნიშნა რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორმა, ნოდარი ჩიმაკაძემ.