სალხინოს მამათა მონასტერში ჭყონდიდის ეპარქიის სამღვდელოებაა შეკრებილი. სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანესთან ერთად დღეს განვითარებულ მოვლენებზე მსჯელობენ. მიტროპოლიტის პრესკონფერენცია რამდენიმე წუთში დაიწყება.
ტერიტორიას პოლიცია აკონტროლებს, თუმცა "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა დადიანების რეზიდენციასთან მიახლოება შეძლო.
"7 საათზე სტეფუნამ მოყარა სპეცრაზმი, მოყარა ჩოხოსნები და ძალით გაგვაგდეს აქედან. დაგვიჭირეს და წაგვიყვანეს პოლიციაში. გატეხეს ჭიშკარი, რეზიდენცია, გამოგვყარეს კელიებიდან. ჩოხოსნები შემოვარდნენ საპატრიარქოსა და სტეფანეს დავალებით. აქ ვიდგები, აქედანაც გამაგდებენ, მერე იქ მივალ, იქიდანაც გამაგდებენ," - განაცხადა ერთ-ერთმა განკვეთილმა ბერმა.
ამასთან, ჭყონდიდის ეპარქიიდან განკვეთილი სასულიერო პირების ნაწილმა, რომლებიც მარტვილის სამმართველოში გამოკითხვის მიზნით იმყოფებოდნენ, პოლიციის შენობა დატოვეს.
როგორც ბერი პეტრე ღუდუშაური აცხადებს, ისინი მეუფე სტეფანეს მიერ მიყვანილი ჩოხოსნების მოთხოვნას ტაძრის დატოვების შესახებ არ დაემორჩილნენ, რა დროსაც პოლიციამ ისინი დააკავა.
"მონასტერში ჩოხოსნები იყვნენ, კარები ჰქონდათ ჩაკეტილი, შიგნით გვინდოდა შესვლა და გვეუბნებოდნენ, დაგვეტოვებინა მონასტერი. ჩვენ არ დავთანხმდით, იმიტომ, რომ საპატრიარქოსთან გვაქვს მიწერილი წერილი, რომ მეუფე სტეფანეს არა აქვს უფლება ბერი დაიყვანოს ერისკაცობამდე, ეკლესიის სასამართლოს გარეშე. საქართველოს ეკლესიას სასამართლო არა აქვს, გაუქმებულია. ამიტომ ჩვენ არ დავტოვეთ მონასტერი მეუფე სტეფანეს მოწოდებით, ვითხოვდით სინოდს და თუ ეთანხმებოდნენ დავტოვებდით, გადავაბარებდით მშვიდობით, მაგრამ რა ვნახეთ, დილის ექვს საათზე მეუფე სტეფანე თავის რაზმთან, ჩოხიანებთან ერთად დაგვესხა თავს და ყველა გამოგვყარეს გარეთ, ამასობაში ჩვენც გავუწიეთ წინააღმდეგობა. პოლიციამ ბერები დაგვიჭირა და ყველა წაგვიყვანეს მარტვილის სამმართველოში. დაჭერილები ვიყავით შვიდნი, დაგვკითხეს, სამი გამოგვიშვეს, ოთხი ჯერ იქ ჰყავთ," - განაცხადა პეტრე ღუდუშაურმა.
გარდა ამისა, ჩოხოსანთა საზოგადოების წარმომადგენელი აცხადებს, რომ მომხდართან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს მეუფე სტეფანე.