16 ნოემბერი 2024,   12:48
ვრცლად
როგორ აფასებს პოლიტიკური სპექტრი მიხეილ სააკაშვილის რუსთავიდან გლდანში ეტაპირებას - ოპოზიციის მთავარ მოთხოვნად მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა რჩება

მთავარ ოპოზიციურ ძალაში დარწმუნებულები არიან, რომ მიხეილ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან საკუთარი ნებით გამოვიდა, ხოლო გლდანის დაწესებულებაში მისივე სურვილის საწინააღმდეგოდ შევიდა.

კადრების გასაჯაროებისა და თავად მსჯავრდებულის განცხადების შემდეგ, "ნაციონალურ მოძრაობაში" ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ეტაპირება მოტყუებით მოხდა და მან რეალურად არ იცოდა, თუ სად გადაჰყავდათ სასჯელაღსულების თანამშრომლებს. სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მისი პარტიის მთავარ მოთხოვნად რჩება.

არც მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის და არც მისი ჯანმრთელობის გაუარესების არ სჯერათ "ქართულ ოცნებაში". ამგვარ დასკვნას პარტიის თავმჯდომარე გავრცელებული ვიდეოჩანაწერების საფუძველზე აკეთებს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ექსპრეზიდენტის თემა დახურულია და ხელისუფლება ამ საკითხში პასუხისმგებლობას მხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვაზე იღებს.

თემა დახურული არ არის ოპოზიციური პარტიებისთვის, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება მეტად დაძაბა. ხელისუფლების ოპონენტებისთვის დღეს სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნა უცვლელად დარჩა, თუმცა გაჩნდა ახალი პოლიტიკური შეთავაზებები.

გლდანში ეტაპირება რომ კონკრეტული რისკების გათვალისწინებით მოხდა, ამაზე დღეს მმართველი გუნდის ყველა დეპუტატი საუბრობდა. მათი ნაწილი იმასაც ამბობდა, რომ სააკაშვილის უსაფრთხოება საფრთხის ქვეშ პირიქით, შესაძლოა სამოქალაქო კლინიკაში დამდგარიყო. მმართველ გუნდში ისიც განმარტეს, რომ ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვაზე გადაწყვეტილებებს სასჯელაღსრულების უწყება პატიმართან შეუთანხმებლად იღებს, თუმცა  არც ის გამორიცხეს, რომ მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში კონკრეტული შეთანხმება შემდგარიყო.

ცნობისთვის: მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მერვე დაწესებულებიდან გლდანის მე-18 დაწესებულების სამედიცინო ცენტრში გუშინ გვიან საღამოს გადაიყვანეს, რასაც ოპოზიციის პროტესტი მოჰყვა.

დღის ამბები