სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის მიერ მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში ვერ მოხდა, მიზეზად გამომძიებელმა პენიტენციურ დაწესებულებაში, კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, მსჯავრდებულს, ადვოკატებსა და მას შორის არსებული ბარიერი დაასახელა. თუმცა, გიორგი მიქელაძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი თანახმაა ჩაუტარდეს ექსპერტიზა და ასევე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სხვა დაწესებულებიდან გამოთხოვილი იყოს მის შესახებ არსებული პერსონალური სახის ინფორმაცია.
"მან გამოთქვა გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი, მან თანხმობა განაცხადა პენიტენციური დეპარტამენტიდან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან და სხვა დაწესებულებებიდან გამოთხოვილი იქნეს მის შესახებ არსებული პერსონალური ინფორმაცია.მან, ასევე, თანხმობა განაცხადა პირადად წარსდგეს სამედიცინო შემოწმებისთვის ექსპერტთან, მისივე მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით.
მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა დღეს ვერ მოხერხდა, მოგეხსენებათ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, გამოკითხვასთან დაკავშირებით მოქმედებს გარკვეული შეზღუდვები," - განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელმა გიორგი მიქელაძემ.
შეგახსენებთ, სახალხო დამცველის აპარატიდან შემოსული შეტყობინების, ასევე, სოციალურ ქსელში და მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, 2021 წლის 09 ნოემბერს დაიწყო გამოძიება, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მ. სააკაშვილის მიმართ განხორციელებული შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის "ა", "ბ", "ე"და "ზ" ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.