20 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
ექსპრეზიდენტის ხმაურიანი სასამართლო პროცესი - სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობა გაუუქმდა, თუმცა სხვა რამდენიმე ბრალდების საფუძველზე ისევ ციხეში რჩება

7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდა, ამავე საქმეზე კიდევ ორი ბრალდებულის, დავით კეზერაშვილისა და ზურაბ ადეიშვილის მიმართ კი, უცვლელად დარჩა.

გადაწყვეტილება 3 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ მიიღო. სხდომაზე მოსამართლე ნინო ელიეშვილმა განმარტა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ შეფარდებული პატიმრობის გამოყენების აუცილებლობას ვერ ხედავს. ეს გადაწყვეტილება ბრალდების მხარისთვის ფაქტობრივ მოცემულობას არ ცვლის. პროკურორის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი სასჯელის მოხდას გააგრძელებს, რადგან მას სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეებზე 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

სხდომაზე მხარეთა დავის მთავარი საგანი სასამართლო განხილვაში თავად ბრალდებულის ჩართულობა იყო. საქმის პროკურორმა შესაბამისი შუამდგომლობაც დააყენა, რაც პროცესში ყოფილი პრეზიდენტის დისტანციურად ჩართვას ან სხდომის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამართვას ითვალისწინებდა. ბრალდების ამ პოზიციას არ დაეთანხმა დაცვის მხარე, ადვოკატები სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის უშუალო დასწრებას ითხოვდნენ.

სასამართლოში სააკაშვილის მიყვანაზე პენიტენციური სამსახურის უარი ადვოკატებმა სისხლის სამართლის დანაშაულად შეაფასეს და ამ საკითხზე მოსამართლეებისგან რეაგირებას ითხოვდნენ.

მოსამართლეები დღეს არაობიექტურობაში გიგი უგულავამაც დაადანაშაულა, რომელიც სხდომას 7 ნოემბრის საქმეში ბრალდებულის სტატუსით ესწრებოდა. სხდომის საჯაროობისა და სააკაშვილის დასწრების საკითხზე ის მოსამართლესა და პროკურორს სიტყვიერად რამდენჯერმე დაუპირისპირდა, რის შემდეგაც სასამართლოს შეურაცხყოფის მოტივით ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დარბაზიდან გააძევეს.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც დღეს მხარეებს განმარტების გაკეთება მოუხდათ, მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლება იყო. ადვოკატების განცხადებით, რადგან მიხელ სააკაშვილს 7 ნოემბრის საქმეზე პატიმრობა გაუუქმდა, შესაბამისად მას უნდა მიეცეს სატელეფონო კომუნიკაციის საშუალება. პროკურატურა კი განმარტავს, რომ ეს შეზღუდვა ბრალდებულის მიმართ ძალაში რჩება.

დღის ამბები