20 ნოემბერი 2024,   09:26
ვრცლად
დაიწევს თუ არა წამლის ფასი - მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ფასების დარეგულირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

აფთიაქებში ყველაზე ხშირად პენსიონერები შედიან, მედიკამენტებს კი ექიმის დანიშნულების მიხედვით ითხოვენ, თუმცა მათი უმრავლესობა, საჭიროების მიუხედავად, წამლების სრული ჩამონათვალის შეძენას ვერ ახერხებს - მიზეზი მაღალი ფასებია.

უნდა გამკაცრდეს კონტროლი სააფთაიქო ბიზნესზე - ასე ფიქრობს იმ პირთა კატეგორია, რომელსაც მუდმივი მედიკამენტური მკურნალობა სჭირდება. ერთადერთი გამოსავალი, რაც ფასებს დაარეგულირებს, მოქალაქეების აზრით, კომპანიების და ფასების ზედამხედველობაა. რესპონდენტები ისეთ ფაქტებსაც იხსენებენ, როცა აფთიაქში ექიმის დანიშნული მედიკამენტი დეფიციტშია და ფარმაცევტი მას შემცვლელს სთავაზობს.

მედიკამენტებზე გაზრდილი ფასების დარეგულირების საკითხი მთავარი თემა იყო, რაზეც პრემიერ-მინისტრმა, ეკონომიკური საბჭოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა და პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გეგმითაც დაინტერესდა. ევროპულ სტანდარტებს მიახლოებული და მაქსიმალურად მოქალაქეების ფინანსურ მდგომარეობაზე გათვლილი ფასები - ეს ის ძირითადი მოთხოვნებია, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლებთან ჰქონდა.

მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და ფასების დარეგულირებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. კონკურენციის სააგენტომ შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა და 11 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის ერთ-ერთი ელექტრონული რეცეპტის დანერგვაა. სიახლე გულისხმობს კონკრეტული წამლის ჯგუფში შესული სხვა დასახელების, შედარებით იაფი მედიკამენტის დანიშვნას და შემდეგ უკვე არჩევანი მყიდველზეა. უწყებაში აცხადებენ, რომ ყველა შეთავაზებული პროდუქტი შესაბამის ხარისხს დააკმაყოფილებს და რისკი უკუჩვენების მინიმუმამდე იქნება დაყვანილი.

საკითხს სწავლობს ჯანდაცვის სამინისტრო, უწყებაში განმარტავენ, რომ ფასების დარეგულირების პრობლემა საკანონმდებლო დონეზე უნდა გადაწყდეს.

მოლაპარაკებებსა და საკითხის განხილვებში ჩართული არიან ექსპერტებიც. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ფასების დარეგულირებასა და მედიკამენტების ხარისხზე კონტროლის კიდევ უფრო გაძლიერება, მთავრობის მხრიდან დროული გადაწყვეტილებაა.

შესაბამისი უწყებები, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე, მომდევნო კვირიდან მუშაობას კანონმდებლებთან ერთად დაიწყებენ.

დღის ამბები