ოკუპანტური რეჟიმის უკანონო პატიმარი გენადი ბესტაევი გვიან ღამით ცხინვალიდან თბილისში გადმოიყვანეს. მისი ტრანსპორტირება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დახმარებით მოხდა.
ბესტაევს ოპერაცია ქართულ-ჰოლანდიურ კლინიკაში ჩაუტარდა. ექიმის განცხადებით, მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმის თქმით, ის კომატოზურ მდგომარეობაშია და პროგნოზის გაკეთება, ამ ეტაპზე, შეუძლებელია.
ამავე დროს, საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანასთან დაკავშირებით, დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების კომიტეტი ავრცელებს სპეციალურ განცხადებას და წერს, რომ მსჯავრდებული ბესტაევი ანატოლი ბიბილოვმა ჯანმრთელობის გაუარესების გამო შეიწყალა.
მოქალაქეების უკანონო დაკავებასა და ჯანმრთელობის დაზიანებაზე ოფიციალური თბილისი პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს.