16 ნოემბერი 2024,   13:58
ვრცლად
ხმაური, მობილიზებული პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები - რას მოჰყვა დაპირისპირება დღეს ზუგდიდის საკრებულოში

ზუგდიდის საკრებულოში დღეს დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მოშიმშილე ოპოზიციონერებს სამართალდამცველებმა სხდომათა დარბაზის დატოვება მოსთხოვეს, რათა ოთახში სამუშაო პროცესი გაგრძელებულიყო. შეხლა-შემოხლის დროს შეუძლოდ გახდა სამი მოშიმშილე, რომელთაც პირველადი სამედიცინო დახმარება სასწრაფოს ექიმებმა აღმოუჩინეს.

მას შემდეგ რაც სამართალდამცველებმა პატიმარ სააკაშვილის მხარდასაჭერად მოშიმშილე ოპოზიციონერები ისევ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" ოთახში დააბრუნეს, ზუგდიდის საკრებულომ მუშაობის გაგრძელება და სხდომის ჩატარება შეძლო.

მცირე დაპირისპირება მოხდა დღის პირველ ნახევარშიც, როდესაც ოპოზიციის წევრებმა "ნაციონალური მოძრაობის" ფრაქციის ოთახიდან სხდომათა დარბაზში გადასვლა და ლეიბების გადატანა დაიწყეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა სწორედ ამ დროს დააანონსეს, რომ ფრაქცია ქართულ ოცნებას სხდომის ჩატარების საშუალებას არ მისცემდნენ, რადგან, ძველი მოწვევის საკრებულოს მიერ დაჩქარებული წესით მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვა მათი თქმით, კანონდარღვევა იყო. ანა წითლიძის ბრალდებებს არ ეთანხმებიან მმართველ გუნდში, სადაც განმარტეს, რომ დღეს მერიიდან შეტანილ ბიუჯეტს მხოლოდ უნდა გაცნობოდნენ და არა დაემტკიცებინათ, რაც მათი თქმით, კანონის ფარგლებში ხდება.

ზუგდიდში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ თბილისშიც. მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებს და უკანონოა, რომ მოშიმშილეებმა საკრებულოს წევრებს მუშაობის საშუალება არ მისცეს.

ზუგდიდის საკრებულოს 4 ოპოზიციონერი წევრი და ექიმი მალხაზ ჯალაღონია მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის ციხის საავადმყოფოდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მესამე დღეა შიმშილობს.

დღის ამბები