უკანონო საქმიანობა ჯიხურებში და ნებართვის გარეშე გაცემული COVID ტესტები - "კურიერმა" რუსთავსა და ბათუმში, რამდენიმე ადმინისტრაციული კანონდარღვევის ფაქტი გამოავლინა.
"გოულაბი" ასე ჰქვია ლაბორატორიას, რომელიც ქალაქ რუსთავში როგორც სწრაფ, ისე PCR ტესტს აკეთებს. ჯიხურებში COVID ტესტირებისთვის მხოლოდ რამდენიმე კვადრატული მეტრია გამოყოფილი.
ჯიხურები, რომ შესაბამისი ნებართვის გარეშე მუშაობს, ეს პრობლემას არ წარმოადგენს იმ პირებისთვის, რომლებმაც დღეს ვირუსზე ტესტის გაკეთება "გოულაბში" გადაწყვიტეს. ადგილობრივებისთვის არც იმას აქვს მნიშვნელობა, აქვს თუ არა ლაბორატორიას მუშაობის ნებართვა რეგულირების სააგენტოსგან.
საკითხი რეგულირების სააგენტოში შეისწავლეს და რიგი დარღვევებიც გამოავლინეს. მათ შორის, ლაბორატორიამ ჯანდაცვის სამინსიტროს შესაბამისი საქმიანობის დაწყების შესახებ ინფორმაცია არ მიაწოდა, ამასთან ერთად დადგინდა, რომ ჯიხურში შეუსაბამო სამუშაო პირობებია და დასაქმებულ მედპერსონალს კოვიდტესტის შედეგებზე ხელის მოწერის უფლება არ აქვს.
პრობლემა, რომ მასშტაბურია იმ ადმინისტრაციული საქმეების რაოდენობაც მეტყველებს, რომელიც ბოლო პერიოდში ჯანდაცვის სამინისტრომ სასამართლოში აღძრა.
მხოლოდ ბოლო რამდენიმე კვირაში ქვეყნის მასშტაბით ათეულობით უკანონო სამედიცინო საქმიანობა გამოვლინდა. ერთ-ერთი ასეთი COVID ჯიხური გახსნილია ბათუმშიც.
უკანონო საქმიანობა და რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შეუსრულებლობამ, შესაძლოა, ქვეყანაში პანდემიური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს. მსგავს ლაბორატორიებსა და COVID ჯიხურებში სამედიცინო ნარჩენების გატანა და მისი სწორი მართვაც დიდ პრობლემას წარმოადგენს.