20 ნოემბერი 2024,   11:33
ვრცლად
ე.წ კრიმინალური ავტორიტეტის მკვლელობისთვის მსჯავრდებული დუმილს "კურიერთან" არღვევს - რას ჰყვება ბადრი ნათობაძე, კიევში მომხდარ კრიმინალურ ვენდეტაზე

გახმაურებული მკვლელობისთვის მსჯავრდებული, რომელიც წლებია დუმილის უფლებით სარგებლობს, დუმილს "კურიერთან" არღვევს.

სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის გასამართლებული ბადრი, იგივე "ბადუკანათობაძე "კურიერს" მას შემდეგ დაუკავშირდა რაც "რუსთავი2-ის" ეთერში ირაკლი მალანიაზე თავდასხმის შესახებ რეპორტაჟი იხილა. სიუჟეტში "კურიერი" მაყურებელს იმ ქართველ ავტორიტეტებზე მოუთხრობდა, რომლებიც კიევში მომხდარ თავდასხმაში არიან ბრალდებულები და მათგან ორს - ნოდარ ნიშნიანიძეს და ლაშა სიხარულიძეს უკრაინელი სამართალდამცავები ამ დრომდე ეძებენ.

"კურიერი" პატიმართან საუბარში დაინტერესდა, არის თუ არა რამდენიმე დღის წინ კიევის სასამართლოს ეზოში სოსო ჯოხაძის მეგობრის, ირაკლი მალანიას ჩაცხრილვა 2016 წელს მომხდარი მკვლელობის გაგრძელება. მსჯავრდებული ნათობაძე ადასტურებს, რომ ნიშნიანიძე მისი მეგობარია, თუმცა ვარაუდობს, რომ მას ირაკლი მალანიას ჩაცხრილვასთან კავშირი არ აქვს. ბადუკა ნათობაძე პირველად "კურიერთან" აღიარებს, რომ რამდენიმე წლის წინ სწორედ მან ესროლა კრიმინალურ ავტორიტეტს - სოსო ჯოხაძეს ვაკეში.

ნათობაძე უარყოფს, თუმცა "კურიერისთვის" ცნობილი ხდება, რომ კიევის სასამართლოსთან უკვე ამოღებულია სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ნიშნიანიძე თანამზრახველებთან ერთად ჩანს. ასევე, "კურიერმა" გაარკვია, რომ ავტომობილი, რომლითაც თავდამსხმელები უკრაინის დედაქალაქში გადაადგილდებოდნენ, წინა დღეს სწორედ ნოდარ ნიშნიანიძის სახელზეა ნაქირავები. გავრცელებული ინფორმაციით, მალანიას ჩაცხრილვის შემდეგ ქართველმა კრიმინალებმა კიევი დატოვეს და ევროპაში იმალებიან. არსებობს ვერსია, რომ მათ უკან ცნობილი ე.წ ავტორიტეტები - ძმები დავით და გიორგი ფეიქრიშვილები დგანან. ძმებთან მრავალწლიან კონფლიქტს უკავშირებენ ჯოხაძის მკვლელობასაც და შესაბამისად, ჯოხაძის მეგობარ მალანიაზე თავდასხმასაც, რომელიც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში კიევის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება. "ბადუკანათობაძე "კურიერთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში ფეიქრიშვილებთან ნაცნობობას არ უარყოფს, თუმცა მათთან რაიმე კავშირს კატეგორიულად გამორიცხავს.

"კურიერმა" ირაკლი მალანიაზე თავდასხმისა და სოსო ჯოხაძის სამეგობროსთან კონფლიქტის შესახებ ძმებ ფეიქრიშვილებთან დაკავშირებაც სცადა, თუმცა მათ მედიასთან კომუნიკაცია არ ისურვეს.

მედიასთან საუბარი არ სურთ არც მალანიების ოჯახს, ისინი დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან, მისი მეგობრის სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის კი "ბადუკანათობაძე 19 წლიან სასჯელს იხდის, მან გამოძიების ეტაპზე და სასამართლოშიც დუმილის უფლება გამოიყენა. გახმაურებული საქმის ფიგურანტმა დუმილი პატიმრობიდან ხუთი წლის შემდეგ პირველად "კურიერთან" დაარღვია.

დღის ამბები