16 ნოემბერი 2024,   13:37
ვრცლად
დაპირისპირებისა და დაკავებების ფონზე დამტკიცებული ბიუჯეტის პროექტი - ნიკა მელია სამოქმედო სტრატეგიის დასაგეგმად ბათუმში ჩავიდა 

ბათუმის საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტის პროექტი უკიდურესად დაძაბულ ვითარებაში დაამტკიცა. ოპოზიცია სხდომის ჩატარებისთვის ხელის შეშლას ცდილობდა; ამ მიზნით, დარბაზში სპეციფიკური სუნის მქონე ხსნარიც გაუშვეს, თუმცა, წინა მოწვევის საკრებულომ ბიუჯეტი მაინც დაამტკიცა. 

ოპოზიციის წევრები საკრებულოს შენობიდან გაიყვანეს, თუმცა, მათ პროტესტი შენობის გარეთ გააგრძელეს. "კურიერის" ინფორმაციით, ამ დროისთვის, 5 ადამიანია დაკავებული. 

ბათუმში ჩავიდა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიაც, რომლის თქმითაც კოლეგებთან ერთად სამოქმედო გეგმაზე მსჯელობას აპირებს. 

"ახლა ჩვენ ვაპირებთ საუბარს ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად იმასთან დაკავშირებით, თუ რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას უშუალოდ ბათუმში, აჭარაში და სხვა ქალაქებში, სადაც, გაყალბებული არჩევნების მიუხედავად მათ უმრავლესობა ვერ მოიპოვეს. მათ ეშინიათ, რომ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში არ მიიღონ ახალი არჩევნები,"-აცხადებს ნიკა მელია. 

ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატი "ლელოდან", ირაკლი კუპრაძე აცხადებს, რომ ბიუჯეტის ამგვარი დამტკიცების პრეცედენტი არ არსებობს. 

"არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი - წლების განმავლობაში, რაც კი არსებობს თვითმმართველობის ინსტიტუტი, რომ ამ რეჟიმში, ასე, ამ დროს, ამ ტიპის მოწვევას დაემტკიცებინოს მომდევნო წლის ბიუჯეტი. გარეთ დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ არ გვიშვებენ არჩეულ დეპუტატებს სენობაში. დაკავებულია 5 ადამიანი,"- აცხადებს კუპრაძე. 

ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ ახალი მოწვევის დეპუტატების არ დაშვება საკრებულოს სხდომაზე შერჩევითად მოხდა: მმართველი გუნდის წევრები დაუშვეს, ხოლო ოპოზიციის - არა. 

"დანა, ცეცხლი - ესენი საშუალებებია და არსებობს ჩემგან დამოუკიდებლად. მე რომ არ ვახსენო, დანა მაინც იარსებებს და ცეცხლიც მაინც იარსებებს. ჰიპოკრატემ  თქვა, რასაც წამალი ვერ უშველის, უშველის დანა, მაგრამ რასაც დანა ვერ უშველის, უშველის ცეცხლი - გენიალური ნათქვამია, ხო?! ცეცხლი უშველის ამ საქმეს, ცეცხლი. ბიუჯეტის მიღებით რა ახლა - ჩვენ დავწყნარდებით?! მორალურად, პოლიტიკურად, სამართლებრივადაც კი, გამართლებულია ეს გადაწყვეტილება? სერიოზული კითხვის ნიშნები დგას,"-აცხადებს პარტია "ემსახურე საქართველოს" დამფუძნებელი მურმან დუმბაძე. 

დღის ამბები