20 ნოემბერი 2024,   09:17
ვრცლად
დადებითი დინამიკა ვაქცინაციის პროცესში - იმუნიზაციის ტემპის გასაზრდელად რეგიონებში მობილური ამცრელი ჯგუფები ჩადიან

კორონავირუსის მომატებული შემთხვევების პარალელურად, სპეციალისტები ვაქცინაციის პროცესში მოქალაქეების აქტიურ ჩართვას კვლავ უალტერნატივოდ მიიჩნევენ. იმუნიზაციის ტემპის გასაზრდელად რეგიონებში მობილური ამცრელი ჯგუფები ჩადიან და ადგილობრივებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე ცრიან.

ვაქცინაციის პროცესის პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრებიც, სადაც მოქალაქეებს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები იმუნიზაციის მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე ესაუბრებიან. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაპანახჩში გაიმართა. მოსახლეობას დაურიგეს ბროშურები, აუხსნეს ის დადებითი შედეგები, რომელიც ვაქცინაციას ვირუსის წინააღმდეგ აქვს და გააცნეს მთავრობის ახალი ინიციატივა პენსიონერებისთვის, რაც ვაქცინაციის შემთხვევაში 200 ლარიანი დანამატს გულისხმობს.

ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაზე საუბრობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც მსოფლიოში COVID-19-ის ახალი შტამი იწყებს ცირკულირებას. თამარ გაბუნია მიიჩნევს, რომ ვირუსის დამარცხების ერთადერთი საშუალება რეკომენდაციების დაცვასთან ერთად, იმუნიზაციის კამპანიაა.

იმუნიზაციის წამახალისებელი კამპანია რეგიონებში აქტიურად გრძელდება. კამპანიის მიზანი ვაქცინაციის პროცესში მეტი მოქალაქის ჩართვაა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ინფორმაციით, 27 ნოემბრის მონაცემებით სრულად ვაქცინირებულია 992 374 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 34.7%-ია.  

 

დღის ამბები