მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო სხდომამდე 1 დღე რჩება - საქართველოს ექსპრეზიდენტი 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვაზე დასწრებას ითხოვს და მხარდამჭერებს სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებისკენ კვლავ მოუწოდებს.
ჯერჯერობით უცნობია პენიტენციური სამსახურის პოზიცია, მისცემენ თუ არა უფლებას მიხეილ სააკაშვილს, დაესწროს სასამართლო პროცესს.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილ პრეზიდენტთან შესახვედრად მისი უფლებადამცველი, შოთა თუთბერიძე მივიდა. ადვოკატის განცხადებით, მსჯავრდებული ხვალინდელ სასამართლო პროცესზეც წარდგება სიტყვით, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.
როგორც უფლებადამცველი აღნიშნავს, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი შვილი ედუარდ სააკაშვილი ჩამოვიდა. შოთა თუთბერიძე მიმართავს ყველა უწყებას, რომ მამის მოსანახულებლად ედუარდ სააკაშვილს რაიმე სახის ხელოვნური ბარიერი არ შეუქმნან.
"მესამე პრეზიდენტი თავს გრძნობს დღეს სუსტად. დღეს ფერმენტები მის ღვიძლში იყო მომატებული. ამ მდგომარეობაშიც კი ის მზად არის ხვალ პროცესზე გამოსაცხადებლად.
ხვალინდელ პროცესზე პრეზიდენტი წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც როგორც უკვე აღვნიშნე ფარდა აეხდება ყველა იმ აბსურდულ და პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელიც მის წინააღმდეგ გახლავთ. მე არ მინდა სიტყვის დეტალებზე საუბარი, თუმცა, ბუნებრივია, ეს სიტყვა იქნება ნიღბის ჩამომგლეჯი.
ედუარდი ისევ ჩამოსული არის მიხეილ სააკაშვილის სანახავად და ვთხოვთ და მოვთხოვთ პენიტენციურ სამსახურს, ხელისუფლებას, ვისაც ამის გადაწყვეტის საშუალება შესწევს, ალბათ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას პირველ რიგში, რომ მას არ შეექმნას რაიმე ტიპის ხელოვნური ბარიერი მამის მოსანახულებლად," - განაცხადა სააკაშვილის ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ.