22 დეკემბერი 2024,   19:43
ვრცლად
მზად ვართ განვაახლოთ მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, უბრალოდ ამას აქვს თავისი წინაპირობა - ირაკლი კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი მზად არის, განაახლოს მსჯელობა საარჩევნო ბარიერის 2%-მდე დაწევასთან დაკავშირებით, თუმცა, გარკვეული წინაპირობებით.

კობახიძე აცხადებს, რომ ამისათვის პარლამენტში უნდა იყოს წარმოდგენილი ყველა პარტია.

"2%-იანი და უფრო დაბალი ბარიერი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ 2 ქვეყანაში და არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია, ამას გეუბნებით როგორც ექსპერტი და რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის ექსპერტი. რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას - ამას უზრუნველყოფს პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც პირველად საქართველოს ისტორიაში დანერგა "ქართულმა ოცნებამ" და ეს სისტემა ამოქმედდება 2024 წლიდან. ჩვენ მზად ვართ განვაახლოთ მსჯელობა საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით, უბრალოდ ამას აქვს თავისი წინაპირობა. წინაპირობა არის ის, რომ ყველა პოლიტიკური პარტია უნდა იჯდეს პარლამენტში და ჩვენ გვჭირდება ამის განგრძობითი მტკიცებულება - რომ მათ სურთ დღის წესრიგის შეცვლა,"- აცხადებს კობახიძე. 

შეგახსენებთ, რომ გუშინ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მეორე მოსმენის დროს პროექტიდან ამოიღებენ პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებულ ჩანაწერს "მომდევნო არჩევნები". ასევე, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას 2 პროცენტიანი ბარიერის საკითხიც. განცხადება დღესვე გააკეთა კელი დეგნანმა, რომელიც ამბობს, რომ დემოკრატია შეხედულებების მრავალფეროვნებას მოითხოვს და სამწუხარო იქნება, თუ არ განხორციელდება ის "პოზიტიური ნაბიჯი, რაზეც ყველა პარტია, მათ შორის, მმართველი გუნდი შეთანხმდნენ".

ამავე თემაზე
დღის ამბები