28 აპრილი 2024,   01:00
ვრცლად
ნაფიცმა მსაჯულებმა მერაბ კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნეს - გახმაურებული საქმის 2 წლიანი პროცესი, რა მოხდა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვლის ღამეს

ნაფიცმა მსაჯულმა გამამართლებელი ვერდიქტი წაიკითხა და განზრახ მკვლელობაში ბრალდებული უდანაშაულოდ ცნო. საბოლოო გადაწყვეტილებას, 12-ვე მსაჯული დაეთანხმა, თუმცა დასკვნით სიტყვამდე მათ 24 საათზე მეტი დასჭირდათ. ვერდიქტის მოსმენა, როგორც მერაბ კობიაშვილისთვის, ასევე დაზარალებული ოჯახისთვის, ემოციური აღმოჩნდა. დარბაზი პირველმა, გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილის დედამ დატოვა.

მოკლულის ოჯახის ემოციებს სრულად იზიარებს მერაბ კობიაშვილი, რომელმაც დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ თქვა, რომ მას დანაშაულის ჩადენის წინასწარი განზრახვა არ ქონია, თუმცა რაც მოხდა, მისთვისაც ტრაგედიაა.

ემოციებით და ტაშით შეხვდნენ მერაბ კობიაშვილის გამართლებას გორის რაიონულ სასამართლოსთან შეკრებილი მისი ახლობლები და მეგობრები. ყველა მათგანი ამბობდა, რომ რაც მოხდა ტრაგედიაა, თუმცა უკვე ყოფილ ბრალდებულს, წინასწარი შეცნობით არავინ მოუკლავს.

ნაფიცი მსაჯულების გამამართლებელ ვერდიქტს ელოდებოდა კობიაშვილის ინტერესების დამცველიც, ამის მიზეზს კი, ადვოკატს საქმეში არსებული მტკიცებულებები აძლევდა.

2 წლიანი სასამართლო განხილვების დროს, დაცვას ერთადერთი პოზიცია ჰქონდა - ყოფილი ბრალდებული თავდასხმის მსხვერპლი იყო და 16 თებერვლის ღამეს, ის აუცილებელი მოგერიების ქვეშ იმყოფებოდა. უფლებადამცველები ძირითადად შემთხვევის ადგილას დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით ხელმძღვანელობდნენ.

ვიდეოჩანაწერებით, ექსპერტიზის შედეგებით, მოწმეების ჩვენებებით და საქმეში არსებული ნივთმტკიცებებით, პროკურატურა თითქმის ორი თვის განმავლობაში, ნაფიცი მსაჯულებისთვის, განზრახ მკვლელობის ფაქტისა და მერაბ კობიაშვილის ბრალეულობის დამტკიცებას ცდილობდა. პროკურატურა გამამართლებელი ვერდიქტით უკმაყოფილოა, თუმცა ნაფიცი მსაჯულების განაჩენი, გასაჩივრებას აღარ ექვემდებარება.

მკვლელობა გუდაურში 2020 წლის 16 თებერვალს მოხდა, ცეცხლნასროლი ჭრილობით თამაზ გორთამაშვილი გარდაიცვალა, მისი თანმხლები პირი კი დაიჭრა. პოლიციამ მალევე დააკავა მერაბ კობიაშივლი და მის წინააღმდეგ გამოძიება ერთი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობის და განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებულს 7-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრებოდა, თუმცა ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტით, კობიაშვილი უდანაშაულოდ ცნეს.

დღის ამბები