20 ნოემბერი 2024,   11:17
ვრცლად
რა საფრთხე ელით პიროტექნიკისგან ბავშვებს, დამწვრობის გარდა - მაია ბუწაშვილი მძიმე შედეგებზე საუბრობს

ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი პიროტექნიკის მავნე გავლენების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. მედიკოსი მიიჩნევს, იმ საფრთხის გარდა, რაც საახალწლო ფოიერვერკებით დამწვრობების მიღებას გულისხმობს, პიროტექნიკა უარყოფით ზეგავლენას ახდენს სხვა მხრივაც, როგორც ადამიანებზე, განსაკუთრებით ბავშვებზე, ასევე, ზოგადად, ცხოველებზე და გარემოზე:

"ახლოვდება პიროტექნიკის აქტიური გამოყენების დრო. ეს თემა, ცხადია, ინფექციონისტის კომპეტენციას სცილდება, მაგრამ როგორც რიგით მოქალაქეს და ექიმს, ყოველწლიურად ძალიან მაწუხებს საკითხი პიროტექნიკის მავნე გავლენის შესახებ ადამიანის და ცხოველის ორგანიზმზე და გარემოზე.

- პირველ რიგში, პიროტექნიკის გამოყენებისას ჰაერში გაიფრქვევა კვამლი, მავნე მეტალები, ნახშირორჟანგი, ნახშირჟანგი, რომელთაც მნიშვნელოვანი უარყოფითი ზემოქმედება აქვთ ადამიანის სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილებზე, განსაკუთრებით ბავშვებში. ამიტომ ალბათ არ ღირს ბავშვების ერთ მომენტში გახალისების მიზნით მათ მავნე ნივთიერებებით გაჯერებული ჰაერი ვასუნთქოთ.

- პიროტექნიკის გამოყენებისას ხდება ტყვიის, სპილენძის და სხვა მავნე მეტალების მიმართ ექსპოზირება, რასაც შეიძლება ჯანმრთელობაზე შორეული მძიმე შედეგები ქონდეს.

- ხშირად სწორედ ბავშვებს და მოხუცებს ასეთი ძლიერი ხმაური ძალიან აშინებთ და აწუხებთ. 

- აშშ-ში ჩატარდა კვლევა, რომლითაც გამოვლინდა ადამიანის ფილტვის ქსოვილზე პიროტექნიკის მავნე ზემოქმედება. ასევე, შეისწავლიდნენ თაგვებში სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილებზე გავლენას, რითაც დადგინდა მნიშვნელოვანი დამაზიანებელი ზემოქმედება.

- აშშ გარემოს დაცვის სააგენტოს ცნობით, დამოუკიდებლობის დღეს და ახალ წელს ტოქსიკური მეტალების შემცველობა ყველაზე მაღალია წლის სხვა დღეებთან შედარებით. თუ გავითვალისწინებთ, რომ აშშ-ში პიროტექნიკის გამოყენების მასშტაბი ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში, სადაც არავითარი კონტროლი გამოყენებაზე და პიროტექნიკის ხარისხზე არ არსებობს, გასაგები გახდება, რომ ჩვენთან ეს პრობლემა ბევრად უფრო სერიოზულია.

- გასათვალისწინებელია ზოგადად კლიმატის ცვლილებაზე პიროტექნიკის გავლენაც, თუმცა აქ ამ გლობალურ საკითხებზე ადამიანები ნაკლებად ღელავენ ხოლმე. 

- ცხადია, ძალიან მნიშვნელოვანია მყისიერი დაზიანებების და დამწვრობის რისკებიც.

- აქვე უნდა ითქვას პიროტექნიკის გამანადგურებელ როლზე ფრინველებისთვის და ცხოველებისთვის. ახალი წლის დღეებში განსაკუთრებით იტანჯებიან მიუსაფარი ცხოველები (და არა მხოლოდ. ვისაც შინაური ცხოველები გვყავს, ვხედავთ, რა მძიმე დღეში არიან ახალი წლის ღამეს)," - წერს მაია ბუწაშვილი.

დღის ამბები