საქართველოში "ომიკრონის" პირველი შემთხვევები, ლაბორატორიული კვლევებით უკვე გამოვლინდა. "კურიერის" მიერ მოპოვებული ინფორმაცია, ლუგარის ცენტრმა დღეს ოფიციალურად დაადასტურა. ინფიცირებულებს აშშ-სა და დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვთ. ახლა ყველას აინტერესებს, რამდენად მაღალია გავრცელების საფრთხე და გაუძლებს თუ არა კლინიკური სექტორი.
ვირუსის ყველაზე საშიში თვისება - სწრაფად გავრცელებაა. "ომიკრონს" აქვს უნარი, 3 დღეში ინფიცირებულთა რიცხვი გააორმაგოს. რამდენად მასშტაბური გახდება დადასტურებული 2 შემთხვევისა და 26 კონტაქტის სტატისტიკა, ეს უკვე მხოლოდ დროის ფაქტორზეა დამოკიდებული.
ახალი შტამის გავრცელების პარალელურად, ექიმები კვლავ ჯანდაცვის სისტემის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობენ. ახლა მათი მთავარი მოწოდება და სათქმელია, რომ დაავადების შემსუბუქება მეტი ვაქცინაციით არის შესაძლებელი.
გახდება თუ არა, მკურნალობის პროტოკოლში ცვლილებების შეტანა საჭირო? - კლინიცისტები "ომიკრონის" თვისებებს ახლა ეცნობიან. ჯანმოს გავრცელებული ინფორმაციით, ახალი შტამი 3 დღის განმავლობაში გრძელდება და გრიპის მსგავსი სიმპტომები ახასიათებს. თუმცა, როგორ წარიმართება ვირუსი ქრონიკული დაავადების მქონე პირებში - ჯერ უცნობია.
B1.1 529 უკვე 90 ქვეყანაშია გავრცელებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში 2-3 კვირაში ახალი შტამი, დელტა ვარიანტს მთლიანად ჩაანაცვლებს.