სოხუმში არეულობაა. ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიცია ე.წ. პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს. აქციის მონაწილეებმა მიიღეს 6 პუნქტიანი რეზოლუცია, რომლის ძირითადი მესიჯები შემდეგია: დაიწყოს სამართლებრივი პროცედურა პრეზიდენტის გადადგომასთან დაკავშირებით, შეჩერდეს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის მიერ მიღებული ყველა გადაწყვეტილება, რომელიც უკავშირდება, ენერგეტიკის, კერძო საკუთრების და საგარეო პოლიტიკის მიმართულებებს. ასევე, დაიწყოს მუშაობა ცვლილებებზე, რომელიც არჩევნების შერეულ სისტემაზე გადასვლას გულისხმობს.
მოთხოვნების გაჟღერების შემდეგ აქციის მონაწილეებმა დატოვეს ე.წ. პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორია, თუმცა რამდენიმე საათის განმავლობაში სიტუაცია ოკუპირებულ აფხაზეთში უკონტროლო იყო. მოხდა რამდენიმე დაპირისპირება ფორმირებებსა და მომიტინგეებს შორის, რომლებიც კორდონის გარღვევას ცდილობდნენ. მილიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხელკეტები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. იყო რამდენიმე გამაფრთხილებელი გასროლაც. დაშავებულების და დაკავებულების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. გავრცელებული ცნობით, დაშავებულია 10-მდე პირი, მათ შორის ჟურნალისტები.
"ჩვენ არ გვექნება მომავალი სანამ სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც აფხაზეთს ბიზნესპროექტად განიხილავენ და მისი მომავლის არ სწამთ. სანამ ჩვენი დამოუკიდებლობა უბრალოდ ვაჭრობის საგანია. დღეს მოვახდინეთ ჩვენი ძალის და ერთიანობის დემონსტრირება. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩვენ უსამართლობას არ შევეგუებით" - აცხადებს სამოქალაქო ორგანიზაცია "ახიაცას" თავმჯდომარე ახრა ბჟანია.
ოპოზიცია ე.წ პრეზიდენტის მხრიდან გადაწყვეტილებებს წლის ბოლომდე ელოდება:
"პრეზიდენტმა გვითხრა რომ წლის ბოლომდე დარჩა რამდენიმე დღე. წლის შეჯამებისას კი მიღებული იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები. რა ნაბიჯები იქნება ეს ჯერჯერობთ უცნობია. მოდით დაველოდოთ ამ რამდენიმე დღეს. თუ მას მოსწონს ის, რომ ქუჩებში სულ უფრო მეტი უკმაყოფილო ადამიანი გამოდის, მაშინ გააგრძელოს იგივე პოლიტიკა, რაც მისი დასასრული იქნება."- ამბობს გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი
ადგურ არძინბა.
მიტინგი სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ განახლდება. რაც შეეხება პროტესტის საწყისებს. სავარაუდოა, რომ ეს ნოემბერში დაწყებული უკმაყოფილების ტალღის ნაწილია, როდესაც ე. წ "სამართალდამცველებმა" ქალაქის სანაპიროზე რამდენიმე ადამიანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, სამართლებრივი რეაგირება კი ამ ფაქტს არ მოჰყოლია. ასევე მძაფრი რეაქცია მოჰყვა დაახლოებით 2 კვირის წინ ე.წ პრეზიდენტის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ სუვერენიტეტი საკმაოდ ძვირადღირებული ფუფუნებაა და ამიტომ საჭიროა მისი გაყოფა რუსეთთან.