იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების გაზრდილ რაოდენობაზე საუბრობს. როგორც ის ამბობს, 2020 წლის მონაცემებთან შედარებით, 2021 წელს ეს რიცხვი თითქმის გაორმაგებულია და აღნიშნავს, რომ "ომიკრონის" გავრცელების შემდეგ, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.
"ძალიან დიდი განსხვავებაა 2020 წელსა და 2021 წელს შორის ბავშვების რაოდენობის მიხედვით. ინფიცირებული ბავშვების პროცენტული შემადგენლობა არის მკვეთრად გაზრდილი. 2020 წელს, საქართველოში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობაში ბავშვების წილი შეადგენდა 9-10%-ს, 2021 წლის სექტემბრის მონაცემებით, ეს იყო 20.4%, ორჯერ უფრო მეტად გაიზარდა. "ომიკრონთან" დაკავშირებით, მოლოდინია, რომ ეს პროცენტი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება, ვინაიდან, "ომიკრონი" კიდევ უფრო მეტად გააახალგაზრდავებს საშუალო ასაკს და კორონავირუსი უკვე აღარ განიხილება როგორც ხანში შესულების დაავადება. ამიტომ, ბავშვების ინფიცირების ზრდა პროცენტული შემადგენლობითაც არის ერთ-ერთი რეალური საფრთხე, რასაც ჩვენ ველოდებით," - ამბობს ივანე ჩხაიძე.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, იმისთვის რომ ბავშვები ვირუსისგან მაქსიმალურად დაცულები იყვნენ, ოჯახის ყველა უფროსმა წევრმა ვაქცინაცია უნდა ჩაიტაროს.