16 ნოემბერი 2024,   11:25
ვრცლად
სააკაშვილის გადაყვანის კადრების გავრცელების საქმე - საქალაქო სასამართლოში იუსტიციის სამინისტროს სარჩელის განხილვა განხილვა 11 იანვარს გაგრძელდება 

საქალაქო სასამართლომ იუსტიციის სამინისტროს სარჩელი განიხილა - საუბარია 500 ლარიან ჯარიმაზე რომელიც, უწყებას, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში შესახლების ამსახველი კადრების გავრცელებისთვის გამოუწერა.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა საკუთარი არგუმენტები წარმოადგინეს.

იუსტიციის წარმომადგენელმა დიანა კვარაცხელიამ იმ არგუმენტებზე და პოზიციებზე ისაუბრა, თუ რატომაც გამოქვეყნდა მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხეში გადაყვანის კადრები. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გარდა დიანა კვარაცხელიამ ასევე უსაფრთხოების საკითხსაც გაუსვა ხაზი.

"იუსტიციის სამინისტრომ წარადგინა თავისი ახსნა-განმარტება, თავისი პოზიცია. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარემაც წარმოადგინა თავისი არგუმენტები. მნიშვნელოვანი საჯარო და საზოგადოებრივი ინტერესი იყო და უსაფრთხოება ეს იყო ძირითადი, კიდევ სხვა არგუმენტებიც გვაქვს," - განაცხადა დიანა კვარაცხელიამ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯონი ჩონიაძე კი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის პოზიციები სამართლებრივად დასაბუთებულია.

"აბსოლუტურად იდენტური არგუმენტები არის, რაც წარმოდგენილ საჩივარში არის მითითებული. ისინი არ ეთანხმებიან სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, ჩვენი პოზიციები დასაბუთებული იყო სამართლებრივად და არა ერთი არგუმენტი იყო მოყვანილი როგორც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, ასევე ადგილობრივ კანონმდებლობაშიც," - აცხადებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის სამართალდამცავებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ჯონი ჩონიაძე.

იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვა საქალაქო სასამართლოში 11 იანვარს გაგრძელდება, სადაც მხარეები უკვე მიხეილ სააკაშვილის კადრებს გამოიკვლევენ.

 

დღის ამბები