სპეციალისტები ომიკრონის მასობრივ გავრცელებას საქართველოში უახლოეს დღეებში ელოდებიან. ეპიდემიოლოგები ვარაუდობენ, რომ დღიურად, შესაძლოა, 20 ათასამდე შემთხვევა დაფიქსირდეს.
ექიმების თქმით, მიუხედავად ვირუსის მსუბუქი მიმდინარეობისა, რისკჯგუფში შემავალი არავაქცინირებული პაციენტები კვლავ საყურადღებო რჩება.
"დღევანდელი მაჩვენებელი ინფიცირების, 3 500-ზე მეტი, მიუთითებს, რომ სავარაუდოდ ამ შემთხვევების უკან უკვე ომიკრონის ვარიანტი დგას, ვინაიდან წინა სამშაბათის მონაცემი იყო თითქმის 1 000-ით ნაკლები. შესაბამისად, როდესაც ვლაპარაკობთ, რომ ქვეყანაში არის 144 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა, ეს არ ნიშნავს, რომ ანალოგიური რაოდენობაა შემთხვევებისა რეალურად ქვეყანაში.
შემთხვევების რაოდენობა გაცილებით მეტია და ის მატება, რომელსაც ჩვენ ვპროგნოზირებდით, რომ იანვრის შუა რიცხვებისთვის იქნებოდა მაქსიმალური მაჩვენებელი ინფიცირების და გამოწვეული იქნებოდა ომიკრონით, დღევანდელი მონაცემებით გარკვეულ წილად მყარდება," - განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ.
როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი და ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძე ამბობს, საახალწლო პერიოდში სოციალურ დისტანციაზე საუბარიც ზედმეტია, თავყრილობები გაზრდილია. მისივე თქმით, ეს ყველაფერი იანვრის მეორე ნახევარში აისახება, მაშინ, როდესაც ომიკრონი ასე იკიდებს ფეხს.
"ეს რაოდენობაც, ომიკრონის, რომელიც გვაქვს, მიუთითებს, რომ ძალიან სწრაფად ვრცელდება," - ამბობს დევი ტაბიძე.