20 ნოემბერი 2024,   13:21
ვრცლად
ძველი სასტუმროს შენობაში შესახლებული დევნილები ავარიული შენობის ახალი ფართებით ჩანაცვლებას მოითხოვენ - ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული

გვიან ღამემდე იყო მობილიზებული პოლიცია გლდანში საერთო საცხოვრებელთან. ძველი სასტუმროს შენობაში შესახლებული დევნილები ავარიული შენობის ახალი ფართებით ჩანაცვლებას მოითხოვდნენ.

საცხოვრებელი კორპუსის მაცხოვრებლები 24 საათიან ვადაზე საუბრობენ. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ისინი რაიმე კონკრეტულ  წინადადებას არ მიიღებენ, რომელიც მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, კარვების გაშლას და საპროტესტო აქციებს აანონსებენ.

"ჩამოინგრა კედელი მე-3 და მე-7 სართულების. არ იყო ეს საკმარისი, ე.ი. უნდა მოკვდეს ადამიანი, რომ ამოვიდეს ვინმე. გაუსაძლისია აქ ცხოვრება, გაზი ჩვენთან არ არის, მარტო შუქზე ვართ, არავინ ყურადღებას არ გვაქცევდა. მოგვცეს პირობა, რომ დეკემბრის 31-ში გვექნებოდა ბინა, დასკვნა არსებობს - ეს არის ავარიული შენობა," - განაცხადა კორპუსის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა.

ადგილზე იმყოფებოდა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს წარმომადგენელი. მისი განცხადებით, დევნილების საცხოვრებელი ფართებით დასაკმაყოფილებლად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, რომლის ვადაც თებერვლის ბოლომდე გაგრძელდა. მანამდე კი, დევნილ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა წარმოადგინონ მათ მიერ შერჩეული საცხოვრებელი ფართები თბილისში და დევნილთა სააგენტო მათ ამ საცხოვრებელ ფართებში ქირით განასახლებს.

დღის ამბები