20 ნოემბერი 2024,   13:19
ვრცლად
"გამოიძიონ ობიექტურად და მუშებს ნუ გადაატეხავენ ჯოხს" - ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე  სასამართლო განხილვები დაიწყო

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლო მსჯელობს. პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი განიხილება.

საქმეზე დაკავებულია სამი პირი - პირველ სართულზე მდებარე ბინის მესაკუთრე და ორი ხელოსანი, რომლებიც მეპატრონის მითითებით სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.  ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ნგრევა სწორედ პირველ სართულზე მიმდინარე სამუშაოებმა გამოიწვია.

დაცვის მხარე აღკვეთის ღონისძიების გირაოთი შეცვლას ითხოვს.

სასამართლოს შენობასთან შეკრებილები არიან ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ახლობლები და დაზარალებულები. დაზარალებულები დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.

"ბრალდებული არასდროს არ აღიარებს დანაშაულს, მაგრამ ყველაფერი იცოდნენ და არაფერი არ გააკეთეს. მუშა ამოვიდა, გაზი გაითიშებაო, მხოლოდ ეს მითხრა და გარბოდა. თვითონ ადგა და გაიქცა, ვინაიდან ეს ამბავი უკვე იცოდნენ. დილით წავიდნენ "დომკრატების" მოსატანად, სახლის გასამაგრებლად, იმის ნაცვლად, რომ ხალხს დახმარებოდნენ. ეს ყველაფერი უპატიებელია და ყველა უნდა დაისაჯოს როგორც საჭიროა. მჯერა რომ სამართალი იქნება, - განაცხადა კორპუსის ნგრევისას დაღუპული სერგო ჩხატარაშვილის შვილმა, ნინო ჩხატარაშვილმა.

ამასთანავე, სასამართლოსთან იმყოფებიან ბრალდებულების ახლობლები. მათი თქმით, მნიშვნელოვანია გამოძიება სწორად წარიმართოს.

"ეს მუშები ასრულებდნენ შავ სამუშაოს, ანუ გაიტანოს ნაგავი, მითითებული კედელი მოანგრიოს ან არ მოანგრიოს, შეიძლება კედელი მონგრეულიც არ ჰქონდათ. მათ გაჰქონდათ ის სამშენებლო ნარჩენები, რაც იყო ობიექტზე. ჩვენ თხოვნაა რომ გამოიძიონ ობიექტურად და ამ დაბალ ფენას, მუშებს ნუ გადაატეხენ ჯოხს," - აღნიშნა ერთ-ერთი დაკავებულის ახლობელმა.

რაც შეეხება ბრალდების მხარეს, საქმის პროკურორმა ექსპერტიზის დასკვნაზე ისაუბრა, თუ რა გახდა ნგრევის მიზეზი.

"საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს მიზეზი გახდა პირველ სართულზე ერთ-ერთი ბრალდებულის საკუთრებაში არსებული ბინა ნომერ 1-სა და ბინა ნომერ 2-ში არსებული მზიდი კონსტურქციების დემონტაჟი," -განაცხადა საქმის პროკურორმა ალექსანდრე ძირკვაძემ.

26 მაისის ქუჩაზე სახლის ერთი სადარბაზო 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. ტრაგედიას 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ერთი მამაკაცი კი გადარჩა.

დღის ამბები