20 ნოემბერი 2024,   13:10
ვრცლად
კულტურის სამინისტრო მარჯანიშვილის და თუმანიშვილის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე კონკურსს აცხადებს

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების შერჩევის მიზნით, კონკურსი კიდევ ორ თეატრში ცხადდება. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

თეა წულუკიანმა კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროსთვის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს, თეატრალური საქმიანობით დაკავებულ იურიდიულ პირს, რომელსაც გააჩნია საქმიანობის არანაკლებ ხუთწლიანი გამოცდილება, ან თეატრალური საქმიანობით დაკავებული პირებისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს, არანაკლებ ხუთი წევრის შემადგენლობით.

მინისტრის განმარტებით, კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს თეატრის განვითარების საკუთარი ხედვა და კონცეფცია.

როგორც აღინიშნა, თითოეული კანდიდატი საკონკურსოდ წარადგენს 4-წლიან სამოქმედო გეგმას და სამოქმედო პროგრამას, რომლის შესრულებაზეც ის ვალდებულებას იღებს სახელმწიფოს წინაშე.

დებულების თანახმად, სამინისტრო წარდგენილი კანდიდატებისგან შეარჩევს არანაკლებ ორ და არაუმეტეს სამ კანდიდატს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მის წინაშე წარდგენილია მხოლოდ ერთი კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სია წარედგინება სარეკომენდაციო საბჭოს, რომელიც შეარჩევს სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობაზე დასანიშნ კანდიდატურას და წარუდგენს კულტურის მინისტრს.

დღის ამბები