16 ნოემბერი 2024,   08:40
ვრცლად
თბილისის სოლიდარობა და სრული თანადგომა კიევს - საქართველოს პარლამენტი უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციას მიიღებს

საჯაროდ გაკეთებული განცხადებების პარალელურად, თბილისი კიევს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას ოფიციალურად, დიპლომატიურ დონეზეც უცხადებს. 2 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების სატელეფონო საუბარი დღის მეორე ნახევარში შედგა.

მეგობარი ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობაზე პარლამენტშიც იმსჯელეს. უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტი იმ გამონაკლისებს შორის აღმოჩნდება, რომელზეც მმართველი პარტია და ოპოზიცია შეჯერებას მოახერხებს და ერთობლივად იმუშავებს.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის მომზადების პროცესში ჩასართავად მზად არის პარლამენტის თავმჯდომარეც. შალვა პაპუაშვილის თქმით, ომის შეჩერება ახლა საერთაშორისო დიპლომატიის გამოწვევაა.

ერთობლივი რეზოლუციის გარდა, "სტრატეგია აღმაშენებელი", "ნაციონალური მოძრაობა" და "ლელო" ხელისუფლებას კიევში ვიზიტისკენ მოუწოდებს. მათი განცხადებით, შესაბამის კომიტეტებში უნდა დაიგეგმოს საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრა, უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომა, უახლოეს საპარლამენტო სესიაზე კი ნატოში საქართველოს გაწევრიანების მხარდამჭერის რეზოლუცია განიხილონ. 2 ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი გადაჭრის გზებზე ოპოზიცია დღეს უკრაინის ელჩთანაც საუბრობდა.

რუსეთის აგრესიულ მიდგომებზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდშიც. ”ქართული ოცნების” წარმომადგენლების შეფასებით, უკრაინაში ომის არ დაშვება, საქართველოს უსაფრთხოება პირდაპირი ინტერესია.

რუსული აგრესია და მომეტებული საფრთხეები იქნება მთავარი ხაზი სავარაუდოდ იმ რეზოლუციის ტექსტში, რომლის მომზადებასაც ქართველი კანონმდებლები სავარაუდოდ მიმდინარე კვირას დაიწყებენ.

დღის ამბები