უკრაინიდან დიპლომატები გადიან, სამხედროები კი ემზადებიან. ნატოს ჯარები უკვე სრულ სამხედრო მზადყოფნაშია მოყვანილი. უკრაინის საზღვრებთან რუსული ჯარის მობილიზაციის პარალელურად, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე ალიანსის დამატებითი ძალები: სამხედრო საჰაერო ავიაგამანადგურებლები და საზღვაო ფრეგატები იგზავნება. თავად უკრაინაში კი, პენტაგონიდან უკვე ჩავიდა 170 ტონა იარაღი და სარაკეტო დანადგარი.
ვაშინგტონმა კიევში სამხედრო ტვირთის ახალი პარტია გააგზავნა, ამჯერად 80 ტონა შეიარაღება. პარალელურად, ნატოს წევრი სახელმწიფოები უკრაინის საზღვრებთან საკუთარ პოზიციებს ამაგრებენ. ლიეტუვაში, რუმინეთში, ბულგარეთსა და პოლონეთში მოკავშირეების მობილიზაცია მიმდინარეობს.
აღმოსავლეთ ევროპაში სამხედრო კონტიგენტის მობილიზაციას მოსკოვის პასუხი უკვე მოჰყვა. კრემლი დასავლეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებს და ჩრდილოეთ ატლანტიკურ ალიანსს კიდევ ერთხელ აფრთხილებს.
დღეს დილიდან კიევში ამერიკის საელჩოს თანამშრომლებს და მათი ოჯახის წევრებს ევაკუაცია დაიწყო. უკრაინის დატოვება ურჩია საკუთარ მოქალაქეებს დიდი ბრიტანეთმა და ავსტრალიამაც. პარტნიორების გადაწყვეტილება უკრაინის ხელისუფლებაში ნაჩქარევად მიაჩნიათ.
ამასთან ერთად განცხადებები კეთდება ბრიუსელში.
"ვიცით რუსეთის ტაქტიკა. მოსკოვის მთავარი მიზანი დასავლეთის გახლეჩაა და ისეთი გზების პოვნა, როდესაც ჩვენ ერთმანეთთან განსხვავებულ ენაზე ვისაუბრებთ, ასევე გვექნება ერთმანეთის საპირისპირო პოზიციები. ჩვენ რუსეთს ეს გამარჯვება არ უნდა დავუთმოთ. სამწუხაროდ არსებობს რეალური ომის საფრთხე. მათი მხრიდან საზღვრის გადაკვეთა, უკვე წითელი ხაზების გადაკვეთაა," - განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხდა, რომ უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ ამერიკა მოსკოვს მკაცრ პასუხს გასცემს. ახლა მთელი მსოფლიო იმის მოლოდინშია, დაიწყება თუ არა ომი უკრაინაში 2008 წელს საქართველოს მსგავასად.
ომის მოლოდინში უკრაინის რადამ 400 ათასამდე რეზერვისტის მობილიზების კანონპროექტი მიიღო. პარალელურად, მოხალისეთა შენაერთები უკრაინის თითქმის ყველა ქალაქში იქმნება.