ახალციხის მუნიციპალიტეტში, მოსახლეობისათვის ვაქცინაზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით აქტიურად გრძელდება იმუნიზაციის პროცესი.
ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შექმნილი მობილური სამედიცინო ჯგუფი, ქალაქ ვალეში იმყოფება, სადაც ვაქცინაციის კამპანია სამხარეო ადმინისტრაციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობასთან კოორდინაციით ხორციელდება. ვაქცინაციისთვის სპეციალურად მოწყობილ პუნქტამდე, მიმდებარე სოფლებიდან, მსურველების ტრანსპორტირებას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს. შეგახსენებთ, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით მოსახლეობის მოცვის გაზრდის მიზნით ქვეყნის ყველა რეგიონის სოფლებში ვაქცინაციის კამპანიის ახალი ეტაპი დაიწყო.
აღსანიშნავია, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 50 წელს გადაცილებული ყველა მოქალაქე, რომელიც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება ერთჯერადად 200 ლარიან დანამატს, "ბუსტერ" დოზით აცრის შემთხვევაში კი 100 ლარიან დანამატს მიიღებს.