ინფიცირების მაღალი მაჩვენებლების მიუხედავად, სახელმწიფოების ნაწილი რეგულაციებს ამსუბუქებს.
ხვალიდან ესპანეთში პირბადის ტარება სავალდებულო აღარ იქნება.
პორტუგალიამ ტურისტებისთვის მოგზაურობა გაამარტივა. მათ, ვინც აცრილები არიან, საზღვარზე ნეგატიური კოვიდ-ტესტის წარდგენა აღარ მოუწევთ.
პირველად ორი წლის შემდეგ ტურისტებს საზღვრებს გაუხსნის ავსტრალიაც. მთავრობის გადაწყვეტილება ძალაში 21 თებერვალს შევა.
პირველად ერთი წლის შემდეგ, სკოლებს დაუბრუნდება 17 მილიონზე მეტი მოსწავლე ვიეტნამში.
ამის მიუხედავად, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში პროტესტი მაინც არ წყდება.
ზოგიერთ ქვეყანაში, შეზღუდვების გასაპროტესტებლად მოქალაქეები ქუჩაში გამოდიან.
"თავისუფლება" - უკვე ერთ კვირაზე მეტია ამ შეძახილებით სატვირთოს მანქანის მძღოლები კანადის დედაქალაქის ცენტრში იკრიბებიან. ისინი საზღვარზე სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნას აპროტესტებენ. მძღოლებს რიგითი მოქალაქეებიც უერთდებიან.
შექმნილი ვითარების გამო ოტავაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
სავალდებულო ვაქცინაციის შემოღება გააპროტესტეს ავსტრიაშიც, სადაც პარლამენტმა უკვე დაამტკიცა კანონი, რომლის თანახმადაც აუცრელებს 600 ევროთი დააჯარიმებენ.
კორონავირუსის აფეთქების გამო, ლოქდაუნში მოექცა ჩინეთის ქალაქი ბაისი.
რეკორდულ მონაცემებს ებრძვის თურქეთი, რუსეთი და უკრაინა. მხოლოდ თურქეთში რამდენიმე დღეა დღიური მაჩვენებელი, 100 ათასს აჭარბებს. ინფიცირებულებს შორის არიან თურქეთის პრეზიდენტი და პირველი ლედიც.