მიხეილ სააკაშვილის დღევანდელი სასამართლო სხდომა დასრულდა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან 9 მილიონამდე ლარის გაფლანგვის საქმის განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა პროცესი პირველ მარტამდე გადადო. მიხეილ სააკაშვილი სხდომის დასრულებას არ დალოდებია. საკუთარი სიტყვის შემდეგ ის მხოლოდ ანზორ ჩუბინიძის ჩვენებას დაელოდა.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა კი, რომელიც მიხეილ სააკაშვილისა და თეიმურაზ ჯანაშიას სისხლის სამართლის საქმეზე დაცვის ინიციატივით მოწმედ იყო წარდგენილი, ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და ეს რამდენიმე არგუმენტით ახსნა.
მისი თქმით, მიმდინარე საქმეზე ბრალდება ეხება 2009-2013 წლამდე პერიოდს, რომლის განმავლობაშიც ის არ იყო სამსახურის ხელმძღვანელი და არანაირი შეხება არ ჰქონდა. ასევე მისი განმარტებით გენერალურ პროკურატურაში მიმდინარეობს გამოძიება 2013 წლის პერიოდთან დაკავშირებით, როცა უკვე ამ სამსახურს ხელმძღვანელობდა და შესაბამისად, დღეს მის მიერ ნათქვამი ნებისმიერი სიტყვა, ფრაზა და დაფიქსირებული პოზიცია შეძლება ისე იყოს ინტერპრეტირებული, რომ გამოყენებული იქნას მის საწინააღმდეგოდ მომავალში.
ანზორ ჩუბინიძის პოზიციას მოსამართლე დაეთანხმა, რასაც დაცვის მხარის და მიხეილ სააკაშვილის პროტესტი მოჰყვა.
"სინდისი არ შეგაწუხებთ ბატონო ანზორ? თქვენ ხომ ზუსტად იცით, რომ ყველაფერი, რაშიც ადანაშაულებენ თქვენს კოლეგას და რაშიც შეიძლება 9 წლით გაუშვან ციხეში... არ შეახსენებენ თქვენს შვილებს და შვილიშვილებს,რომ უდანაშაულო ადამიანი ჩაასმევინეთ ციხეში?"- მიმართა მიხეილ სააკაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს.
სხდომაზე სიტყვა წარმოთქვა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა თემურ ჯანაშაიამც:
"არავის მივცემ უფლებას, რომ ჩირქი მოსცხოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ეს არის ჩემი ძირითადი მოტივაცია, რის გამოც ვცდილობ დავადასტურო ის, რომ ჩემი პერიოდის განმავლობაში, ისევე როგორც ჩემამდე და ასევე ჩემს შემდეგ, სამსახურში კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ იყო. მე დღეს მრცხვენია, როდესაც სდსს-ს უფროსი იქცევა ასე, ზურგს აქცევს სიმართლეს, არ უდგას თავის ყოფილ თანამშრომელს გვერდში," - განაცხადა თემურ ჯანაშიამ, რაზეც მოსამართლის პასუხი იყო, რომ ანზორ ჩუბინიძეს აქვს უფლება არ მისცეს ჩვენება საკუთარი თავის ან ახლობლების წინააღმდეგ.
ანზორ ჩუბინიძის ეპიზოდის შემდეგ დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესამოწმებლად მასთან საკანში პირადი ექიმი შესულიყო, რაც მოსამართლემ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლის თქმით, ის პენიტენციურ უწყებას სპეციალური განჩინებით მიმართავს, სადაც იქნება მოწოდება, რომ ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა მაქსიმალურად იყოს დაცული.
სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი გააკეთა როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემაც.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძის ჩვენების მიცემის შემთხვევაში ცალსახად დადასტურდებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს და თემურ ჯანაშიას დანაშაული არ ჩაუდენიათ.
"სასამართლოზე რა მოხდა - ანზორ ჩუბინიძის განცხადებით დადასტურდა, რომ სდსს-ს უფროსი თვლის, რომ მას აქვს დანაშაული ჩადენილი. სხვა ხომ არაფერია. კითხვებზე პასუხი რომ გაგცეთ, ეს ნიშნავს, რომ მე ბრალს წამიყენებენო," - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ანზორ ჩუბინიძის განცხადებას ეხებოდა ბრალდების მხარის კომენტარიც.
"ანზორ ჩუბინიძის მიერ რა ხარჯი იქნა გაწეული და რა ფორმით, არ არის გამამართლებელი მტკიცებულება დაცვის მხარისთვის, ანზორ ჩუბინიძის მიერ გაწეული დანახარჯი არ ცვლის მოცემულობას, მიხეილ სააკაშვილისა და თემურ ჯანაშიას ბრალდების საქმეზე. ჩვენ ვიხილავთ კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს, კონკრეტულ პერიოდზე, კონკრეტულ დანახარჯზე, რომელიც აშკარად არის კანონშეუსაბამო," - განაცხადა პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.
ავტორი: სანდრო კაჭახიძე