მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს, პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალების საქმის ახალი დეტალები გაასაჯაროვა. უწყების მიერ გამოქვეყნებულ კადრებში აფხაზი ბლოგერის სიცოცხლის ამსახველი ბოლო კადრები ჩანს. მისი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსა და ლიფტის ვიდეოჩანაწერებით, ასევე მისი მეგობარი ქალის ჩვენებით, ირკვევა, რომ 23 აგვისტოს მასთან მისულ უკრაინის მოქალაქეს თან ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება "მეთადონი", რაც მან ბუავასთან ერთად მოიხმარა.
ბრალდებული ადასტურებს იმასაც, რომ ბუავამ, ნარკოტიკულ საშუალებასთან ერთად, ალკოჰოლიც მიღო, რასაც საქმეზე ჩატარებული ქიმიური ექსპერტიზაც ამტკიცებს. ვიდეოკამერების ჩანაწერებში ჩანს ისიც, რომ დიღომში გარდაცვლილი აფხაზი ბლოგერის სახლს ბრალდებული ქალი 25 აგვისტოს, დილის 9:43 საატზე, სავარაუდოდ, ჯერ კიდევ შეუძლო მდგომარეობაში ტოვებს. უწყების განმარტებით, მიმდინარე ტერიტორიაზე არსებული კამერების მასალების შესწავლა კვლავ გრძელდება.
დაურ ბუავას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, დღესვე ცნობილი გახდა, რომ გამოძიებამ კიდევ ორი პირი დააკავა. საუბარია ნარკოტიკული საშუალების სავარაუდო გამსაღებლებზე, რომელთა სახლებშიც სამართალდამცველებმა 10 შეკვრა სხვადასხვა სახეობის ნარკოტიკული საშუალება - "მეთადონი" და მარიხუანა ამოიღეს. გამოკითხვებით დასტურდება, რომ დაკავებულებს ბუავასა და მის მეგობარ ქალთან ნაცნობობა აკავშირებდათ, ერთ-ერთმა მათგანმა კი ბუავას მეგობარს ნარკოტიკული საშუალება უსასყიდლოდ გადასცა, რომელმაც ის დაურ ბუავასთან ერთად მოიხმარა.
ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, ბუავას გარდაცვალების დღიდან, ოპოზიციამ აქტიური მანიპულაციური კამპანია დაიწყო. ხელისუფლების ოპონენტები და მათთან დაკავშირებული აქტივისტები ცდილობდნენ, აფხაზი ბლოგერის გარდაცვალება მკვლელობად მოენათლათ. მტკიცებულებების გარეშე საუბრობდნენ რუსული სპეცსამსახურების საქართველოში საქმიანობაზე და, ამ ფრომით, ხელისუფლების დისკრედიტირებას ცდილობდნენ.
ნებისმიერი ტრაგედიის ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის გამოყენება - ასე აფასებს მმართველი გუნდი ოპონენტების განცხადებებს, ნარკოტიკული ზედოზირებით გარდაცვლილი პირის შესახებ. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ, რომ დაურ ბუავას საქმე ოპონენტების მორიგი ლუსტრაციის ნათელი მაგალითია და ადასტურებს, რომ ოპოზიცია მზადაა, სახელმწიფოს წინააღმდეგ ნებისმიერი მეთოდით იმოქმედოს.
დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება გრძელდება. საქმის ფარგლებში, 3 პირია დაკავებული. ორ მათგანს ნარკოტიკული საშუალების გასაღება ედება ბრალად, ბუავას მეგობარ გოგონას, რომელიც უკრაინელია, ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარედგინა, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.