07 მაისი 2024,   02:53
ვრცლად
ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტას და მათი ოჯახის წევრებს, ისინი კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს იზიარებენ და ტკივილიც უნდა განიცადონ - ჯო ბაიდენი

მოსკოვს დასავლეთის ფინანსებზე წვდომა არ ექნება - ეს არის სანქციების პირველი პაკეტი, რომელიც ოკუპანტ ქვეყანას ვაშინგტონმა დაუწესა. რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ ჯო ბაიდენმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

შტატების პრეზიდენტის თქმით, სანქციების შედეგად რუსეთს აღარ ექნება შესაძლებლობა აიღოს სესხი, შეწყდება კავშირი დასავლეთის საფინანსო ინსტიტუტებთან. ჯო ბაიდენი ამბობს, რომ რუსეთის შემდგომი აგრესიის შემთხვევაში მზად არიან დამატებითი სანქციებისთვისაც. რუსეთი შავ სიაში შეიყვანეს კანადამ, იაპონიამ და ავსტარლიამაც.

უმაღლეს დონეზე მოლაპარაკებები ჩაშლილია. არც სახელმწიფო მდივანი ბლინკენი შეხვდება ამ კვირაში სერგეი ლავროვს და შესაბამისად, არც ამერიკის და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის მომზადება დაიწყება. ვლადიმირ პუტინის მიერ უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარებას, ვაშინგტონმა ახალი სანქციებით უპასუხა. ეს არის სანქციათა პირველი ტრანში და როგორც ადმინისტრაცია ამბობს, აგრესიის გაგრძელების შემთხვევაში, მას დამატებითი სანქციები მოჰყვება.

"ვინ აძლევს პუტინს უფლებას, გამოაცხადოს ახალი ე.წ. ქვეყნები, მისი მეზობლის სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე? ეს საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან მტკიცე რეაგირებას მოითხოვს. ჩვენ ვუწესებთ სრული დაბლოკვის სანქციებს ორ დიდ რუსულ ფინანსურ ინსტიტუტს. რუსეთის განვითარების სახელმწიფო კორპორაციას და სამხედრო ბანკს. ვაწესებთ ყოვლისმომცველ სანქციებს რუსეთის სუვერენულ ვალზე, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთის მთავრობას დასავლურ დაფინანსებას მოვწყვეტთ. ასევე ვუწესებთ სანქციებს რუსეთის ელიტას და მათ ოჯახის წევრებს. ისინი კრემლის პოლიტიკის კორუფციულ მიღწევებს იზიარებენ და ტკივილიც უნდა განიცადონ. რუსეთის ქმედებების გამო, ვმუშაობთ გერმანიასთან, რათა "ჩრდილოეთის ნაკადი 2" არ ამოქმედდეს," - აცხადებს ჯო ბაიდენი.

სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი სერგეი ლავროვს ხვალ უნდა შეხვედროდა. უნდა მომზადებულიყო პრეზიდენტების შეხვედრა, თუმცა ადმინისტრაციას ჰქონდა პირობა, რომ შეხვედრა შედგებოდა იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. დღეს თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტების შეხვედრა არ იგეგმება. სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა კი უკრაინელ კოლეგასთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ლავროვთან შეხვედრის ჩაშლის შესახებაც გამოაცხადა.

"გასულ კვირას, მე დავთანხმდი, რომ ევროპულ უსაფრთხოებაზე ჩვენი ქვეყნის წუხილის განსახილველად, 24 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შევხვდებოდი. თუმცა იმ პირობით, რომ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. ახლა, როდესაც ვხედავთ, რომ შეჭრა იწყება და რუსეთი უარს ამბობს დიპლომატიაზე, ამ შეხვედრის გამართვას ამჯერად აზრი არ აქვს," - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, უკრაინას მტკიცედ სჯერა, რომ სანქციები დროულია და პრეზიდენტ ბაიდენის დღევანდელ განცხადებას მიესალმება.

"უკრაინას მტკიცედ სჯერა, რომ სანქციები დროულია და ამ კონტექსტში, მიესალმება პრეზიდენტ ბაიდენის დღევანდელ განცხადებას. მსოფლიომ მთელი თავისი ეკონომიკური ძალით უნდა უპასუხოს, რომ დასაჯოს რუსეთი უკვე ჩადენილი და მომავალში დაგეგმილი დანაშაულებისთვის," - აცხადებს დმიტრო კულება.

ამერიკული სანქციების მნიშვნელობაზე ისაუბრა "კურიერთან" ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა, რომელიც ვაშინგტონში იმყოფება და შეხვედრებს ამერიკის ადმინისტრაციის სტრუქტურებში მართავს.

საქართველო, მისი გამოცდილება და ამერიკულ მხარესთან თანამშრომლობა, მათ შორის უსაფრთხოების და დემოკრატიის გაძლიერების საკითხებში, ამ შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი სასაუბრო თემაა.

"სანქციები, რომლებიც პრეზიდენტმა ბაიდენმა უკვე დააწესა იმ ნაბიჯის საპასუხოდ, რომლებიც პუტინმა გუშინ გადადგა, დამაზიანებელი იქნება. სანქციები შექმნილია არა დასაზიანებლად, არამედ იმისთვის რომ საქციელის შესაცვლელად გავლენა მოახდინოს. ვიმედოვნებ, ამ შემთხვევაში, ეს ეფექტი ექნება," 

დღესვე ადმინისტრაციამ ნატოს ბალტიისპირეთის სახელმწიფოების კიდევ უფრო გაძლიერებაზე გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა, მან გასცა განკარგულება, ამერიკული ძალების და შეიარაღების დამატებით მოძრაობაზე ესტონეთის, ლატვიის და ლიეტუვის გასაძლიერებლად," - აცხადებს კელი დეგნანი.

დღის ამბები